კოტე კემულარია - გიორგი ვაშაძე, რეფორმების მამობას რომ იჩემებს, ვალოდია ჯინჭარაძის როლში უფრო გამოდის, ვიდრე იუსტიციის სახლის „აღმშენებელი“

23 წლის ჩუღურეთის საპასპორტოს უფროსი, გიორგი ვაშაძე, ახლა რეფორმების მამობას რომ იჩემებს, ვალოდია ჯინჭარაძის როლში უფრო გამოდის, ვიდრე იუსტიციის სახლის „აღმშენებელი“,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უფროსი თაობის გინებით მრავალსაუკუნოვან საქართველოში წინ ვერავინ წაიწევს, მხოლოდ თვითონ დაზიანდება.

„დიდხანს ვიკავებდი თავს, ვინაიდან ამბავი ახალგაზრდა კაცს ეხება. როდესაც დავრწმუნდი, რომ მას ეს არ წამოსცდა, გადავწყვიტე ამაზე რეაგირება. ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის საშინელი განცხადება უფროსი თაობის დამსახურებული ადამიანების “ჩარეცხილებად” გამოცხადების შესახებ, ამან მაშინ მძიმე რეაქციები გამოიწვია და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი რეპუტაცია. სააკაშვილი დღეს საჯაროდ იხდის ბოდიშებს ამ ქცევისთვის. ასეთ ვითარებაში, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე, ერთი-ერთში იმეორებს ამ უგვან პრეცედენტს და არასაჭირო ადამიანებად აცხადებს უფროსი თაობის მაღალი რეპუტაციის პროფესიონალებს. მას ეს იმ კონტექსტში დასჭირდა, როდესაც თანაპარტიელ ახალგაზრდას, ჩიხლაძეს “პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად” ნიშნავდა. ეს მისი კერძო აზრია და ამას ვერავინ დაუშლის. უცნაურია, რაში დასჭირდა მას ამ პროცესში უფროსი თაობის ასე უდიერად მოხსენიება. ალბათ იმიტომ, რომ მის ხელში თავმოყრილი საეჭვო წარმოშობის ბევრი ფული ვერ გახდა მიმზიდველი და მასთან არავინ მივიდა უფროსი თაობის პროფესიონალებიდან. ეტყობა რეპუტაციას გაუფრთხილდნენ, ამან “აღმშენებელი” გააბრაზა", - განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლის რეფორმის განხორციელებას გიორგი ვაშაძე ტყუილად იჩემებს.

"უნდა შევეხოთ ასევე “აღმშენებლის” მიერ იუსტიციის მამობის აკვიატებულ მოსაზრებებს. საჯარო რეესტრის დიდი რეფორმის სამართლებრივი საფუძველი-დებულება 2004 წელს იქნა დამტკიცებული. მადლობა ამისთვის გიორგი პაპუაშვილს და მის გუნდს. 2005 წელს ჩვენმა გუნდმა შეძლო საჯარო რეესტრი ცალკე გამოეტანა იუსტიციის სამინისტროსგან, აღეჭურვა ოპერატორები ნოტარიუსის უფლებით და გაეხსნა პირველი მცირე იუსტიციის სახლები რუსთავში და თბილისში, საბურთალოზე. “აღმშენებელი” ამ პერიოდისთვის მხოლოდ 23 წლის გახლავთ და არის ჩუღურეთის საპასპორტოს უფროსი. ამ რანგით როგორ იჩემებს ის ამ რეფორმების მამობას, ამაზე სერიოზული საუბარი არ ღირს. რეესტრის რეფორმაზე დიდი გუნდი მუშაობდა. მადლობა ყველას ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობდა.

რაც შეეხება იუსტიციის სახლის აშენებას, ეს შენობა ზურაბ ადეიშვილის დამსახურებით აშენდა. მან მოიფიქრა იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის ერთ შენობად გაერთიანება და სწორედ ამ უწყების სახსრებით არის ის აშენებული. გიორგი ვაშაძე აქაც ვალოდია ჯინჭარაძის როლში გამოდის. სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას. საზოგადოება ამას იმსახურებს. ახალგაზრდებმა კი თავი თავისი გაკეთებული საქმეებით უნდა მოიწონონ და არა სხვისი დამსახურებების მითვისებით", - განაცხადა კოტე კემულარიამ.

კოტე კემულარიას განცხადებას "ტრიბუნა" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა