ნინო კალანდაძე არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე - ბრალდებები რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და ქართველი შემსრულებლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ნაწილია

დავით გარეჯის თემაზე არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებას, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე ეხმაურება.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კალანდაძე არქიმანდრიტის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ნინო კალანდაძე დავით გარეჯის საკითხზე ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა.

კალანდაძე აცხადებს, რომ ეს ბრალდებები რუსული სპეცსამსახურების მიერაა დაგეგმილი. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს საქმე ქართულ არჩევნებში რუსეთის პირდაპირი ჩარევაა, რომელიც კრემლისთვის სასურველი ჯგუფის ხელისუფლებაში დატოვებას ისახავს მიზნად.

კალანდაძის თქმითვე, საქმეში არ არსებობს არც დანაშაულებრივი ქმედება, არც მოტივი და არც რაიმე იურიდიული შედეგი, რომელიც ვინმეს ქმედების საფუძველზე დადგა, ან შეიძლება დამდგარიყო.

„ეს ბრალდებები არის რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და ქართველი შემსრულებლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ნაწილი, რომელთა მიზანია, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მოღალატის იმიჯის ჩამორეცხვა და საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველი ამომრჩევლით ემოციური მანიპულირება (როგორც ეს წარმატებით გააკეთეს 2012 წლის არჩევნების წინ, კიდევ უფრო სასტიკი მეთოდებით). ეს საქმე არის ქართულ არჩევნებში რუსეთის პირდაპირი ჩარევა, რომელიც ხორციელდება კრემლისთვის სასურველი ჯგუფის ხელისუფლებაში დატოვების მიზნით. ამას მოწმობს საქმის პრაქტიკულად ყველა დეტალი: ის, რომ ამ თემის ავანგარდში არიან ისეთი აქტორები, როგორიცაა ე.წ. „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული მარში“ და საეჭვო, რუსული წარსულის მქონე სასულიერო პირები. ასევე ის, რომ ივანიშვილის პროკურატურის მიერ შეთხზული ლეგენდა მთლიანად ეფუძნება რუსული უშიშროების არქივებში რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული „ბიზნესმენის“ მიერ ქართული მხარისთვის გადაცემულ გაუგებარ დოკუმენტს (როგორ წარმოგიდგენიათ, ოკუპანტი რაიმეს საქართველოს სასიკეთოდ აკეთებდეს?). პროკურატურის მიერ შეთითხნილ საქმეში არ არსებობს არც დანაშაულებრივი ქმედება, არც მოტივი და არც რაიმე იურიდიული შედეგი, რომელიც ვინმეს ქმედების საფუძველზე დადგა ან შეიძლება დამდგარიყო. ბრალდებები სრულიად აბსურდული, უარგუმენტო და იმთავითვე მხოლოდ ემოციებზე და არა რაციონალურ მსჯელობაზეა გათვლილი. რაც მთავარია, ხელისუფლება თავად ამბობს, რომ არ აპირებს ამ რუკის გამოყენებას აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში, ანუ აღიარებს, რომ მისი მოტივი შიდა მოხმარებაზეა გათვლილი და იმთავითვე პოლიტიკურია. ის, რომ „ოცნების“ რუს-ქართველი პიარტექნოლოგების მიერ ხდება ჩემი 8 წლის წინანდელი განცხადების გამოყენება კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ვითომ 13 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ ამყარებს აზრს, რომ ეს არის პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა, მორიგი რუსული „ზაგატოვკა“, რათა შეიქმნას მცდარი საზოგადოებრივი აზრი და სახალხო აღშფოთების „ისრები“ სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ზუსტად ამავე მოტივით იყო განპირობებული გარეჯის თემის პოლიტიკურად გამწვავების მცდელობა 2012 წლის მაისშიც, ოქტომბრის არჩევნების წინ. მჯერა, ქართული საზოგადოება აღარ წამოეგება მორიგ რუსულ სცენარს და მარტივად გაშიფრავს ამ ანტისახელმწიფოებრივი „ზაგატოვკის“ მონაწილეთა მოტივაციას“, - აცხადებს კალანდაძე.

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოხატავდა.

კირიონის თქმითვე, ნინო კალანდაძემ 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას.

იხილეთ ვიდეო: დავით გარეჯის თემაზე, არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე ეხმაურება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა