გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილს შეეძლო კარგი როლი ეთამაშა ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების, საერთო ფრონტის შექმნისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ის როლი აირჩია, რაც დღეს აქვს, ცოტა გაუგებარიც კი

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის შეთანხმებების შეუსრულებლობის თვალსაზრისით. ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" „ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას ვიდეომიმართვა შეაფასა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რაც „საერთო საქმეს აზიანებს“.

„ჩემი აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ კამპანიის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის შეთანხმებების შეუსრულებლობის თვალსაზრისით, იგივე ჩემთან ან სხვებთან მიმართებით. ჩვენი სტრატეგია არის, რომ თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმით კი არ ვპასუხობთ, არამედ საქმით. ხალხს არ აინტერესებს პეტრე რას ფიქრობს პავლეზე, ან ერთი პოლიტიკოსი მეორეზე. ხალხს უნდა ხელისუფლების შეცვლა და საქმეზე საუბარი. იმდენი შემიძლია ვისაუბრო ამ თემებზე დეტალებში, ყველა ნათლად დაინახავს, რომ ძალიან დიდი შეცდომაა მათი მხრიდან დაშვებული, მაგრამ ეს საერთო საქმეს აზიანებს. ახლა არის იმის დრო, ხალხი დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლება იცვლება. ივანიშვილი ჩამოვაშოროთ მმართველობას, რომ ფულის მკეთებელთა გუნდი ხელისუფლებიდან გავუშვათ“,-აცხადებს ვაშაძე.

კითხვაზე, ხედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილს ქართულ პოლიტიკაში, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის საქართველოს ექსპრეზიდენტის აბსოლუტურად სხვა როლს ხედავს.

ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებისთვის კარგი როლი ეთამაშა, მაგრამ ამ არჩევნებზეც დაუშვა შეცდომები.

„მე აბსოლუტურად სხვა როლს ვხედავ სააკაშვილის. ვფიქრობ, რომ მან ამ არჩევნებშიც შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, რომ მას შეეძლო კარგი როლი ეთამაშა ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების, საერთო ფრონტის შექმნისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ის როლი აირჩია, რაც დღეს აქვს. ცოტა გაუგებარიც კი, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ამას უკვე ხალხი გადაწყვეტს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თითოეულ ხმაზე. მე როცა ვამბობ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ შემოხაზეთ, ვამბობ, რომ ჩვენ საქმის კეთებისთვის მოვდივართ. კინკლაობა ჩემი საქმე არ არის, არ მიყვარს, არასდროს მიყვარდა და არაც არავის გამოვადგები ამ საქმეში. საქმის კეთებაში ვისაც უნდა, შევეჯიბრები“,-აცხადებს ვაშაძე.

მისი განცხადებით, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება.

„ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება, სხვების მცირდება“,-აცხადებს ვაშაძე.

ამასთან, ვაშაძემ ისაუბრა „ქართულ ოცნებაზე“ და აღნიშნა, რომ მათ წინასაარჩევნოდ „საბჭოთა პრეზენტაციები აქვთ“.

„საბჭოთა ბიუროკრატებივით შეიკრიბებიან და ერთმანეთს ელაპარაკებიან. ხალხთან არ გადიან, ხალხს არ ხვდებიან.

გვიმტკიცებენ საბჭოთა ბიუროკრატიული პრეზენტაციებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ქვეყანაში ყველაფერი წინ მიდის, თურმე ეკონომიკაში პრობლემა არ გვაქვს, თურმე სიღარიბე დაუმარცხებიათ. ეს ხომ მიუთითებს, რომ რეალობას მოწყვეტილები არიან? ერთადერთი მიღწევა აქვს „ქართულ ოცნებას” - თავად ყველანი გამდიდრდნენ, ყველანი გახდნენ მილიონრები. მარტო საათები აქვთ 2 მილიონის, სხვას რომ თავი დავანებოთ. მანქანები, სასახლეები... ხალხი გაღარიბდა. ქვეყანაში მილიონი ადამიანი არის მშიერი. 220 ათასი სამუშაო ადგილი დავკარგეთ. ინვესტიციების შემოდინება შემცირებულია. დემოგრაფიული ფონი?! - ქორწინების რაოდენობა შემცირებულია, განქორწინება გაზრდილია. შობადობა შემცირებულია. საუბრობენ პენსია გავზარდეთო - დოლარში პენსია შემცირებულია 8 წლის განმავლობაში”,- განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს