პრეზიდენტი დავით გარეჯზე - ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს პირადად მივაწოდო პროკურორს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება, და არა სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს.

"ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ბოლო სატელივიზიო ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე ამომწურავად ვისაუბრე, ხელოვნურად კვლავ იქმნება ფონი თითქოსდა ამ თემის ირგვლივ ჩემს მიმართ კითხვები კიდევ არსებობს. ამ დროს ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება, და არა ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 - 19 ოქტომბერი 2005). ამის მიუხედავად, და იმიტომ რომ, პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ, საჯაროდ გაგიზიაროთ ჩემს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს პირადად მივაწოდო პროკურორს. დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრების საკითხი ნამდვილად იყო ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც აზერბაიჯანელ ასევე, სომეხ კოლეგებთან შეხვედრების დროს. მაშინ, როგორც დღეს, მჯეროდა და მჯერა, რომ მყარი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები მოითხოვს საზღვრების დელიმიტაციას და საქმის ბოლომდე მიყვანას, რაც გამორიცხავდა სამომავლოდ ყველანაირ გაუგებრობებებსა და შესაძლო ინციდენტებს.

მეორე მხრივ, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის საზღვრების სამართლებრივ დადგენას დიდი მნიშვნელობა აკისრია. აქედან გამომდინარე, ჩემი მინისტრობის პერიოდში, კომისიამ ორივე მიმართულებით იმუშავა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერცერთ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული.

ჩემი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო შეხვედრისას კომისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი რჩებოდა, მათ შორის, იყო დავით გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები. საკითხის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგა ელმარ მამედიაროვთან ერთად, შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიგვემართა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, რამეთუ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი. მე არ ვფლობ ინფორმაციას, ჩემი მინისტრობის შემდგომ პერიოდში, ანუ, 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა ეს საკითხი, ასევე, ჩემთვის უცნობია იმის შესახებ თუ როდის, ან რა პირობებში მოხდა საკითხის კომისიაში განსახილველად დაბრუნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა