გია ხუხაშვილი - ამ მოცემულობაში, პრემიერის პოსტზე მამუკა ხაზარაძე სხვებს ჯობია - სხვა კანდიდატებმა ლაპარაკი, შესაძლოა, დაწყობილი იციან, მაგრამ ხაზარაძის მსგავსი გამოცდილება არავის აქვს

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ უნდა არც კომპრომიტირებული წარსული, წასული ხელისუფლების სახით და არ მოსწონს არც აწმყო „ქართული ოცნების“ სახით და ეძებს მომავლის არჩევანს. ამ მხრივ „ლელო“ ჩემი აზრით, სხვებთან შედარებით, უკეთ გამოიყურება,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტიის „ლელოს საქართველოსთვის“ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატად მამუკა ხაზარაძის წარდგენას.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრემიერად მამუკა ხაზარაძის კანდიდატურა საინტერესოა, რადგან მას ეკონომიკური პროცესების მართვაში დიდი გამოცდილება აქვს.

მამუკა ხაზარაძის კანდიდატურა საინტერესოა იმიტომ, რომ დღეს ძირითადად ბრძოლა მიდის გადაუწყვეტელი ამორჩევლისთვის. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ უნდა არც კომპრომიტირებული წარსული, წასული ხელისუფლების სახით და არ მოსწონს არც აწმყო “ქართული ოცნების“ სახით და ეძებს მომავლის არჩევანს. ამ მხრივ „ლელო“ ჩემი აზრით, სხვებთან შედარებით, უკეთ გამოიყურება იმიტომ, რომ ნაკლებად კომპრომიტირებულია. გარდა ამისა, თუ მამუკა ხაზარაძეზე ვისაუბრებთ, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ეკონომიკური პროცესების მართვაში, კორპორატიული მშენებლობის. შესაბამისად, ის საინტერესო კანდიდატია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ხაზარაძემ საქართველოში ყველაზე დიდი და წარმატებული კორპორაცია ააშენა და პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტი გამოცდილება აქვს.

„მევახშეს კი ეძახიან, მაგრამ საქართველოში ყველაზე დიდი და ყველაზე წარმატებული კორპორაცია აააშენა, ათასობით ადამიანია, ძალიან კარგად შეკრული, საკმაოდ კვალიფიციური მაღალი სტანდარტის დიდი კორპორაცია შექმნა, შესაბამისად, ჩვენ თუ ვინმეს კომპეტენტურობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ხაზარაძე ერთ-ერთის საუკეთესოა. სხვა პარტიების კანდიდატებს ასეთი გამოცდილება არ აქვთ. ლაპარაკი, შესაძლოა, დაწყობილი იციან, მაგრამ ამხელა გამოცდილება არავის აქვს. რაც შეეხება მის კომპრომატს, ესეც სუსტად გამოიყურება იმიტომ, რომ პოლიტიკური კომპრომატი მას არ აქვს და რაც შეეხება ე.წ. ფულის გათეთრების თემას, სად არის? დიდი ხმაურით რომ წამოიწყო ხელისუფლებამ და შარიშური ჰქონდა, სად არის? საპნის ბუშტივით გაქრა.

ვისურვებდი, რომ ხაზარაძეზე უარესი პრემიერ-მინისტრი საქართველოს არ ჰყავდეს და იმ პოლიტიკურ მოცემულობაში, რაც გვაქვს, ხაზარაძე სხვებს ჯობია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში „ლელოს“ შედეგები საკმარისი არ იქნება, რომ ხაზარაძე პრემიერი გახდეს. ამასთან, პოლიტოლოგის აზით, სახელმწიფოსთვის სწორი იქნება, თუ მთავრობა როტაციული წესით დაკომპლექტდება და წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, 4 წლის გამავლობაში თითო წელი დაიკავებენ პრემიერის პოსტს.

„თუმცა, თუ ჩვენ ვილაპარაკებთ პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით და შევხედავთ რეალურ პარტიულ განაწილებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლო კოალიციის ფორმირების პირობებში „ლელოს“ შედეგი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ მამუკა ხაზარაძე უპრობლემოდ გახდეს პრემიერ-მინისტრი. „ლელო“ თვითონ ვერ იგებს და კოალიციაში, რასაკვირველია, იქნებიან სხვა სუბიექტები, რომლებსაც თავისი ამბიციები ექნებათ. ამიტომ ვისურვებდი, რომ თუ კოალიციის საჭიროება დადგა და ამბიციებზე დამყარებული წინააღმდეგობები დიდი იქნება, შესაძლებელია ამ არაორდინალურ ვითარებაში როტაციული პრინციპით აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება. მხედველობას მაქვს ის, რომ თვითონ მინისტრების პორტფელები შეიძლება გადანაწილდეს პარტიების წონის მიხედვით, რაც უკეთესი შედეგი აქვს პარტიას, უფრო მეტი მინისტრი ჰყავდეს პარტიაში. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრებს, 4 წლის განმავლობაში 4 ძირითადი სუბიექტის ლიდერი თითო წელი იყოს პრემიერ-მინისტრი. ერთ-ერეთი კანდიდატი, თუნდაც ერთი წლით შესძლებელია იყოს ხაზარაძე და სახელმწიფოებრივადაც სასარგებლო იქნება. ამ პრინციპს მეორე უპირატესობაც აქვს. უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ჩამოყალიბდა, ძალაუფლების უზურპაციაა და თუ როტაციული პრინციპით გვექნება დაკომპლექტებული აღმასრულებელი ხელისუფლება, უზურპაცია ვერ მოხდება, რადგან ყველას ეცოდინება, რომ 1 წლის შემდეგ ის იცვლება. გარდა ამისა, ეს დაგვაზღვევს პარტიული კორუფციისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ პრემიერს ეცოდინება, ის 1 წლის შემდეგ იცვლება და შეიძლება მისი უკანონო ქმედებების აუდიტი ჩატარდეს. ვფიქრობ, კოალიციის შეთანხმების საფუძველი შეიძლება გახდეს ეს როტაციული პრინციპი, რაც ერთი მხრივ პარტიულ ამბიციებსაც დააკმაყოფილებს და სახელმწიფოებრივადაც სწორი იქნება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა. პარტიამ კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა