ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, „ლელომ“ მინისტრთა კაბინეტის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა წარმოადგინა

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძემ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ მიერ დღეს დასახელებული ე.წ. ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის საკმაოდ რესპექტაბელურად არის დაკომპლექტებული იმ სფეროს სპეციალისტებით, რომლებსაც ისინი კურირებენ. ძაბირაძის შეფასებით, „ლელომ“ მინისტრთა კაბინეტის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა წარმოადგინა.

„იმ კადრებით, რომელთაც მე ვიცნობ და რომლებსაც არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოებაც იცნობს, საკმაოდ რესპექტაბელური შემადგენლობაა მინისტრთა კაბინეტის, ყველა მიმართულებით. მგონია, რომ საკმაოდ ძლიერი კაბინეტიცაა თუ პერსონალიებს ვიღებთ მხედველობაში იმ მიმართულებით, რა მიმართულებებსაც ისინი კურირებენ ან მომავალში უნდა უხელმძღვანელონ. ასე რომ, კარგი კაბინეტია, მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. გამოცდილები არიან, საკმაოდ პროფესიონალები არიან და საკმაოდ რესპექტაბელური კაბინეტია. სხვა თემაა, რამდენად რეალისტურია, რომ „ლელო“ მიიღებს უმრავლესობას და შეძლებს თავისი კაბინეტის დაკომპლექტებას,“- განაცხადა ძაბირაძემ.

ის პრემიერ -მინისტრის კანდიდატურაზე მამუკა ხაზარაძის წარდგენასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, როდესაც მთავრობის მეთაური ძირითადად პარტიის პირველი ნომერი და ლიდერი ხდება, სხვა კანდიდატურის დასახელება უფრო მოულოდნელი იქნებოდა.

ცნობისთვის, „ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა. მისი განცხადებით, ეკა ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას, ბადრი ჯაფარიძე - ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას, გიგლა მიქაუტაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებსა და სასამართლოს მიმართულებას, ლევან კობერიძე ჩაიბარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, სოციალური დაცვის, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას, ფიქრია ჩიხრაძე - განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მიმართულებას, კახა კოჟორიძე - შინაგანი საქმეებისა და სამართალდამცავი სისტემების მიმართულებას, ნიკა შურღაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მიმართულებას, დავით უსუფაშვილი საგარეო საქმეებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას უხელმძღვანელებს, სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს შერიგების მიმართულებას, კულტურის მიმართულებას კი მედეა მეტრეველი უხელმძღვანელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა