კარლ ჰარცელი - ყურადღებით ვაკვირდებით ცნობებს ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებაზე - პარტიებმა უნდა მოუწოდონ მომხრეებს, დაიცვან უმაღლესი ეთიკური სტანდარტები

ყურადღებით ვაკვირდებით ცნობებს ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას წინასაარჩევნო გარემოს შესახებ და აღნიშნა, რომ წინასააარჩევნო გარემოზე რაიმე დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ ადრეა.

"თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას დადებითად შევაფასებდი იმას, რომ პარტიებმა წარადგინეს პროგრამები, სადაც საკმაოდ ცხადადაა მოცემული მათი ხედვები, ამბიციები და რა პოზიციები აქვთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ეს ძალიან გამოსადეგია და მჯერა, რომ ასახავს ახალ საარჩევნო სისტემას, სადაც ამომრჩევლებს უფრო ფართო არჩევანი აქვთ, რათა გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამასთანავე, იმედი მაქვს, პარტიების ეს პროგრამები მოხვდება შემდგომ პარლამენტში, რათა დემოკრატიული დისკუსიები ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს", - აღნიშნა ჰარცელმა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, როგორ შეაფასებდა იმ ცნობებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის შემთხვევებს აქვს ადგილი, ჰარცელმა უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევების გაშუქება მნიშვნელოვანია, რომ მათზე გამოძიებები აღიძრას და ყველამ გაიგოს, თუ რა არის დასაშვები და რა - დაუშვებელი.

"რაც შეეხება ცნობებს ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებაზე, ამ ყველაფერს მჭიდროდ ვადევნებთ თვალ-ყურს. მადლობას ვუხდი მედიას და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იმისთვის, რომ ისინი ამ ყველაფერზე საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას. გაშუქება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამას სანდო გაგრძელება, რეაგირება მოჰყვეს და გამოძიებები აღიძრას ყველა იმ შემთხვევაზე, რაც მოხდა. ეს რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს და გაირკვეს, თუ რა არის დასაშვები და რა - არ არის დასაშვები სამართლებრივი კუთხით. ამაში დიდი როლი უნდა ითამაშონ პარტიებმაც და მოუწოდონ თავიანთ მომხრეებს, დაიცვან უმაღლესი ეთიკური სტანდარტები, ამასთანავე, გააგებინონ ყველას, თუ რა არის დასაშვები და რა - არა, რომ თავიდან აცილებული იქნას მზარდად ნეგატიური სპირალი მომდევნო კვირების განმავლობაში.

ვფიქრობ, ამ არჩევნებისთვის კარგი პლატფორმა არსებობს, რაც ცესკომ წარმოადგინა, რაც ასევე ამომრჩეველთა უსაფრთხოებას ითვალისწინებს. იმედი მაქვს, ეს ჩარჩო შთაგონება იქნება, რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლისთვის, რომ ისინი არჩევნებზე წავიდნენ და ხმა მისცენ", - განაცხადა ჰარცელმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს