ჯოშ რუდოლფი რუსეთის გავლენებზე - უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალური ძალა არის, არა უცხო ქვეყნების დედაქალაქებში, მათ კაბინეტებსა თუ სამხედრო დანაყოფებში, არამედ, მაგალითად მინსკის ქუჩებში, საარჩევნო ურნებთან საქართველოსა და აშშ-ში

საქართველოში კარგად იციან, რომ კრემლს, ასე ვთქვათ, „ინსტრუმენტების, ხელსაწყოების მთელი ყუთი“ აქვს იმისთვის, რომ ფარული ფული გამოიყენოს - იქნება ეს ოკუპირებულ რეგიონებზე ფისკალური მანიპულაცია, ფარული საბანკო გადარიცხვები ე.წ. სამხრეთ ოსეთში თუ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ გამოყოფილი 8 მილიონი დოლარი. ეს არის ლეგალური და არალეგალური ტაქტიკების ნაკრები, - ამის შესახებ "გერმანიის მარშალის ფონდის" მკვლევარმა ჯოშ რუდოლფმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან რუსეთის გავლენებზე საუბრისას განაცხადა.

ჯოშ რუდოლფის განცხადებით, რუსეთმა, ჩინეთმა და სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს 33 ქვეყანაში იმისთვის, რომ დემოკრატიულ პროცესებში 100-ზე მეტჯერ ჩარეულიყვნენ.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაფინანსებას რუსეთის მიერ, მკვლევარის თქმით, პუტინისთვის ეს უდიდესი ბერკეტია.

„ძნელია ადგილობრივი თანამდებობის პირებისთვის დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების 90 % რუსეთიდან მოდის, აფხაზეთში კი შემოსავლების - ორი მესამედი. ცხადია, ეს უდიდესი ბერკეტია და კრემლიც სწორედ ასე უდგება ამ საკითხს. ვლადიმირ პუტინი, როგორც “სუკ“-ის ყოფილი ოფიცერი, ფინანსურ სისუსტეს და დამოკიდებულებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და საკუთარი სარგებლისთვის იყენებს. ამ ფინანსური არხების გარდა, არის ვაჭრობის თემაც და ის, რომ მათი ეკონომიკა დამოკიდებული იყოს რუსეთის მიერ, თუ რუსი ოლიგარქების მიერ მართულ ფინანსურ ორგანიზაციებზე. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, რუსეთს არ ეყო ის, რომ მისი ოკუპირება მოახდინა, ის ამ რეგიონს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვისაც კი იყენებს. არსებობს ფარული საბანკო სისტემა სამხრეთ ოსეთის გავლით. მოსკოვს არ შეუძლია პირდაპირ გადარიცხოს თანხები ოფიციალურად არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში, ეს მინსკის შეთანხმების პირობებს დაარღვევდა”, - განაცხადა ჯოშ რუდოლფმა.

მან ასევე ისაუბრა სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიებში რუსეთის ჩარევაზე. რუდოლფის თქმით, რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ რეალური ძალა მათ კაბინეტებში და სამხედრო ქვედანაყოფებში არაა.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ რეალური ძალა არის არა უცხო ქვეყნების დედაქალაქებში, არა მათ კაბინეტებსა თუ სამხედრო დანაყოფებში, არამედ, მაგალითად მინსკის ქუჩებში და საარჩევნო ურნებთან საქართველოსა და ამერიკაში”, - განაცხადა ჯოშ რუდოლფმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს