BBC - კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე ევროპაში ზომები მკაცრდება

ევროპა კოვიდ 19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შეჩერებას ცდილობს, სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩეხეთი 3-კვირიან ნაწილობრივ კარანტინს აწესებს, 3 ნოემბრამდე იხურება სკოლები, უნივერსიტეტები, ბარები და კლუბები.

კერძოდ, სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.

პირბადეების ტარება სავალდებულო არა მხოლოდ მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არამედ ტრამვაის გაჩერებებსა და მატარებლის ბაქნებზეც. გარდა ამისა, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში 6-ზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება.

ჩეხეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით სულ 1 051 ადამიანია დაღუპული. გასული კვირის პარასკევს ქვეყანაში კოვიდ 19-ს 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ევროკავშირის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ჩეხეთში, გასული 14 დღის განმავლობაში, კორონავირუსის 55 538 შემთხვევა დადასტურდა, რაც მეზობელ გერმანიაში დაფიქსირებულ შემთხვევებს აჭარბებს, რომლის მოსახლეობა ჩეხეთის მოსახლეობაზე 8-ჯერ მეტია და სადაც, აღნიშნულ პერიოდში, კორონავირუსის 42 032 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 4-კვირიანი ნაწილობრივი კარანტინი ცხადდება ნიდერლანდებშიც, სადაც ოთხშაბათიდან ბარები, რესტორნები და ტერასები დაიხურება. სასურსათო მაღაზიებს კი 20:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აეკრძალებათ.

ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს სახლიდან მუშაობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მგზავრობისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში სკოლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ქვეყანაში გუშინ ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 7 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი განკარგულება გამოცა იტალიის მთავრობამაც, რომელიც სასკოლო ექსკურსიებს და სამოყვარულო სპორტს, როგორიცაა ფეხბურთის პარკში თამაში, კრძალავს. აკრძალულია კერძო წვეულებებიც და იტალიელებს კატეგორიულად მოუწოდებენ, სტუმრად მისული ადამიანების დასაშვები რაოდენობა 6-მდე შეზღუდონ.

დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ელოდებიან საფრანგეთშიც, სადაც დღეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სატელევიზიო მიმართვაა დაგეგმილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იმ ქალაქებში, სადაც კორონავირუსი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება, მათ შორის დედაქალაქ პარიზში, საღამოს საათებში ე.წ. „კომენდანტის საათის“ დაწესებაა მოსალოდნელი.

იხილეთ ვიდეო: BBC - კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე ევროპაში ზომები მკაცრდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა