მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური და საქართველოს შესწავლასთან დაკავშირებული კვლევები, რასაც სამინისტრო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრეზენტაციაზე მონაწილეებმა განიხილეს ორი კრებული: „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ და „დადიანების სასახლეების საგანძური“.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ მნიშვნელოვანი კრებულის -„ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ პრეზენტაციას, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოიცა. წიგნი მართლაც უზარმაზარი შრომის შედეგია და უამრავ უნიკალურ მასალას შეიცავს, რომლის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღირებულება უდაოდ დიდია. ის ფაქტი, რომ სტუდენტები ამ უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნის თანაავტორები არიან, მათი კარიერისთვის ბრწყინვალე დასაწყისია. მინდა, თითოეულ მათგანს ვუსურვო დიდი სამეცნიერო-კვლევითი წარმატებები. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური და საქართველოს შესწავლასთან დაკავშირებული კვლევები, რასაც სამინისტრო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს. გულწრფელად მსურს, მადლობა გადავუხადო გამოცემაზე მომუშავე თითოეულ მეცნიერს და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა ვუსურვო.

ასევე, მინდა ქალბატონ ლილის მივულოცო ზუგდიდის დადიანების სასახლეების შესახებ უნიკალური წიგნის გამოცემა. დადიანების მუზეუმის ძალიან დიდი მნიშვნელობის მუზეუმია და კატალოგი „დადიანების სასახლის საგანძური“ მართლაც რომ დროულია. განსაკუთრებით სასიხარულოა იქ ფაქტი, რომ აღნიშნული კატალოგი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტსივრცეში, GOOGLE-ის პლატფორმაზე და მუზეუმში დაცული უნიკალური საგანძურის ნახვას ჩვენი უცხოელი მეგობრები შეძლებენ. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში, ორივე წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდის დადიანების სასახლეშიც მოეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კალანდიას ავტორობით მომზადებული ორენოვანი კრებული „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ ორწლიანი პროექტის ფარგლებში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოიცა. იგი აერთიანებს 200-ზე მეტ უცნობ ცნობასა და 196 ილუსტრაციას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. კრებულში შესულია ბრიტანელების თვალით დანახული საქართველო – ტიუდორების არქივში დაცული ცნობები საქართველოსა და ქეთევან წამებულის შესახებ, ასევე, XVII-XIX საუკუნეების ინგლისურ გამოცემებსა და პრესაში არსებული მასალები ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის ომების, დადიანების საგვარეულოს, ნიკოლოზ დადიანისა და ლაზური თემების შესახებ. კრებულს ერთვის ვრცელი სამეცნიერო კომენტარები, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები. კრებულის გამოცემაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველმა თანამშრომელმა ანა-ხათუნა ჭელიძემ და ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ჯილიან ევისონმა.

ასევე, რუსთაველის ეროვნული ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნების სასახლის თანადგომით გამოიცა ზუგდიდის დადიანების სასახლეების შესახებ გამოცემული ალბომი „დადიანების სასახლის საგანძური“. მასში შესულია 200-ზე მეტი ფოტო, 100-ზე მეტი ჯვარ-ხატისა და სიწმინდის აღწერილობა და 200-ზე მეტი წარწერა. კრებულს ერთვის პალეოგრაფიული ალბომი, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა აღწერილობა. ორენოვანი კატალოგის ავტორი ამ საგანძურის მკვლევარი, დადიანების სასახლის დირექტორი ლილი ბერაიაა. კრებულის თანაავტორია გიორგი კალანდია.

ორივე კრებული საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა