გიგა ბოკერიას განცხადებით, „იმედი“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კლიპს ბლოკავს, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ივანიშვილი და სააკაშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ტელეკომპანია „იმედს“ აკრიტიკებს და ამბობს, რომ სრულიად აბსურდული და უტიფარი არგუმენტებით, ტელეკომპანია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კლიპს ბლოკავს, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.

ბოკერიას თქმით, 2018 წელს, „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებდა ნეგატიურ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თუმცა მაშინ ტელევიზიას არ გახსენებია არანაირი კანონი.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ეს არის ივანიშვილის პროპაგანდის გაგრძელება, რომ მისი ალტერნატივა მხოლოდ სააკაშვილია.

„ის, რომ ჩვენ ქვეყანას ყველა მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, ეს არის საყოველთაო შეთანხმების საგანი მთელ ჩვენს საზოგადოებაში, ეს ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ როდესაც საარჩევნო კამპანიაში ხარ და ბევრ ადამიანს ხვდები, კიდევ უფრო აშკარა ხდება, რამდენად სწრაფადაა საჭირო ამ ცვლილებების განხორციელება. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, განვახორციელოთ ეს ცვლილებები და საარჩევნო კამპანიისას თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ყველა ლეგიტიმური საშუალებით ჩვენი გეგმა, ხედვა, ჩვენი გეზი, თუ როგორ განვახორციელებთ ამ გარდამტეხ ცვლილებებს, როგორ დავწევთ გადასახადებს და ამ გზით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორ შევამცირებთ მთავრობის ხარჯებს და გავზრდით დახმარებას იმათთვის, ვისაც უჭირს, კერძო ქონება, ნაფიცი მსაჯულები და როგორ წავიყვანთ წინ ქვეყანას ამ გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს თუ რომელი პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ ვისთან და რაზე ითანამშრომლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ იცოდეს ხალხმა რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ. კერძოდ, ივანიშვილს, მის რეჟიმს, მის გარემოცვას არ შევუქმნით კოალიციას, არცერთ შემთხვევაში და ამვდროულად, არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის კანდიდატურაზე. ეს არის ჩვენი ხედვა, გეზი და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ ორი პირობის დაცვა გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად.

უკვე ორი კვირაა, ტელეკომპანია „იმედი“, რომლის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, თანხვედრაშია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან, აბსოლუტურად უტიფრად, კანონის დარღვევით, უარს აცხადებს „ევროპული საქართველოს“ სატელევიზიო კლიპის გაშვებაზე ეთერში. იმ კლიპის, სადაც გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“ და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე და ჩვენ გვაქვს არგუმენტები. იმიტომ, რომ ივანიშვილს სურს დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, 2012 წლამდე ვითარებაში, როდესაც ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა და არცერთი არ ჭიდება დღეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ გვჭირდება წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები.

ისინი იმიზეზებენ სრულიად აბსურდულ, უტიფარ არგუმენტს, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ამიტომ, თურმე მის მიმართ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება სატელევიზიო კლიპში არ შეიძლება, მაშინ როდესაც ყველას გვახსოვს და ონლაინ მოიპოვება 2018 წლის კლიპები, „ქართული ოცნების“, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის, რომელიც გადიოდა ყველა ტელევიზიის ეთერში, მათ შორის „იმედის“ ეთერში, ძალიან აგრესიული, ნეგატიური კამპანია სააკაშვილის ჩვენებით ყველგან, მაგრამ მაშინ ეს აწყობდათ და დღეს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების პატივისცემა აღარ აინტერესებთ.

რატომ შეიძლება ივანიშვილის პროპაგანდასთან თანხვედრაში მყოფ ტელევიზიას არ აწყობდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კლიპი, სადაც არის კრიტიკული პოზიცია დაფიქსირებული არამარტო ივანიშვილი და „ოცნების“, არამედ სააკაშვილის მიმართაც? სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გზავნილით, მაგრამ მკაფიოდ. პასუხი მარტივია, ივანიშვილის პროპაგანდის მთავარი გზავნილია შავ-თეთრი სურათის დახატვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერება და ამაში რა თქმა უნდა საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებას ვერ ხედავს. სწორედ ამიტომ ბლოკავენ ასე უტიფრად ჩვენ გზავნილს. ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ ამ ცვლილებას, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ამ მძიმე ჭაობიდან და წაიყვანს წინ“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა