ლაშა დარსალიას განცხადებით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გადაცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უარყოფს, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრად იყო მიწვეული.

როგორც დარსალიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, თავად ის ხიდაშელს არ იცნობდა მანამ, ვიდრე ის კომისიას დავით გარეჯის საკითხზე დოკუმენტებს გადასცემდა.

ამასთან, დარსალია ადასტურებს, რომ ხიდაშელთან შეხვედრა სწორედ ამ დოკუმენტაციის გადაცემის დროს ჰქონდა.

„მასალები მოძიებულ იქნა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა არქივებიდან და მათი ავთენტურობა დადასტურებულია. კომისიაში ხიდაშელი ჩართული არ იყო. მაგ მომენტამდე, რომელზეც თქვენ ამბობთ, ბატონ ხიდაშელს არ შევხვედრივარ, თუმცა ვხვდებოდი ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც მოუწოდებია ბევრი მასალა. ყველა მასალა, რომელიც ღირებულია კომისიისთვის, განვიხილავთ და ჩვენთვის საინტერესოა. მასალები მოძიებული იყო ამერიკული, ფრანგული, შვეიცარული და ბევრი სხვა ქვეყნის არქივიდან. ეს მასალები ავთენტურია და დადასტურებულია ექსპერტების მიერ. სანამ მასალებს მოიტანდა, ამ ეტაპამდე ბატონ ხიდაშელს არ ვიცნობდი, მაგრამ როდესაც მასალები მოიტანა, რა თქმა უნდა, ჰაერზე ხომ არ მომცემდა? - ფიზიკურად გადმოგვცა კომისიას. ეს მასალები აბსოლუტურად სანდოა, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული“, - განაცხადა დარსალიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ადვოკატების შეფასებით, დავით ხიდაშელის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებასა და შემდეგ ინტერვიუებში ნათქვამს შორის აცდენებია, დარსალია ამბობს, რომ მისთვის ჩვენებები და პროკურატურის მასალები ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია.

მისი თქმით, მან სამშობლოს, ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

იხილეთ ვიდეო: ლაშა დარსალიას განცხადებით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გადაცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს