მამუკა არეშიძე დავით გარეჯის საქმეზე - ორი ადამიანი კი არა, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მორალურ პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ, პირველ რიგში

ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით იმ დოკუმენტაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოძებნის მცდელობა, რომელიც ხელისუფლებას ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა, თავადაც 2 წლის განმავლობაში ჰქონდა. როგორც არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დოკუმენტაცია, რომელიც არა მხოლოდ დავით გარეჯს, არამედ, ზოგადად, ქვეყნის საზღვრებს ეხება, კომისიას ახალი მოლაპარაკებებისთვის საბაზისოდ გამოადგება. ექსპერტის შეფასებით, ამ დოკუმენტაციის აღმოჩენით, სერიოზული გარღვევა მოხდა გაყინული მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც „25 წლის განმავლობაში წყლის ნაყვაა“.

„მე ეს ამბავი დიდი ხანია ვიცი, გასული წლის ბოლოდან, შეიძლება 2020 წლის დასაწყისიდანაც, უბრალოდ, მე არ მიმიღია ამის თქმის უფლება და ვიცოდი, რომ ამ რუკების ძებნა მიდიოდა. მე თვითონაც 2 წელი მოვანდომე ამ რუკების მოძებნას საქართველოს ფარგლებს გარეთ და ვერ მოვახერხე, მაგრამ სხვებიც ეძებდნენ ვიცი. ხიდაშელმა მოახერხა, რაც ძალიან კარგია და ძალიან კარგია, რომ ეს დოკუმენტი აქვს დღეს კომისიას და ახალი მოლაპარაკებისთვის საბაზოდ გამოდგება. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა და მე მივიჩნევ, რომ სერიოზული გარღვევა მოხდა ამ გაყინული მოლაპარაკების პროცესში, რომელიც 25 წელია, პრაქტიკულად, წყლის ნაყვაა.

ეს ნეგატიური გამოხმაურება ხიდაშელის მიმართ მოსალოდნელია იმიტომ, რომ საქართველოში ხომ პოლიტიკური კულტურა პრაქტიკულად არ არსებობს,- განაცხადა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის ინფორმაციით, დოკუმენტაცია, რომელიც სხვადასხვა პერიოდის მასალებს მოიცავს, დავით ხიდაშელმა რამდენიმე ქვეყანაში რუსეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიძია. მისივე განმარტებით, დოკუმენტაციის ნაწილი საქართველოს არქივებშიც იყო.

„ეს დოკუმენტები არ ეხება მხოლოდ გარეჯის თემას, ეს ეხება მთლიანად საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და რუკებს, მათ შორის, გარეჯის თემას. 1938 წელიც არის იქ 1920 წელიც არის და სხვა დანარჩენი წლებიც.

მე შემიძლია დავასახელო ის ქვეყნები, რომლებსაც ხიდაშელი ასახელებს, ეს არის რუსეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და თვითონ საქართველოც. კომისიის მუშაობის დანაშაული იმაშიც მდგომარეობს, რომ საქართველოშიც კი არ მოიძიეს სერიოზულად ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო ამ საქმისთვის. აი ხიდაშელმა მოიძია, მე მას ამას ვუფასებ. საზოგადოების დიდი ნაწილი უფასებს და ვიღაც არ უფასებს, ეს მათი პრობლემაა. მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა გინდოდეს, რომ შენი ტერიტორიის ნაწილი იყოს სხვისი.

ქართული პოლიტიკური ელიტა, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, საზოგადოების აქტიური პიროვნებები განიხილავენ ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში, ადანაშაულებენ ხელისუფლებას, რომ მათ გადადგეს არასწორი ნაბიჯი და ამართლებენ დაპატიმრებულებს.

მე მივიჩნევ, რომ ხელისუფლებამ გადადგა სწორი ნაბიჯი, მივიჩნევ, რომ ხიდაშელმა გადადგა გადასარევი ნაბიჯი და ამასთანავე, მივიჩნევ, რომ კომისიის წევრები დამნაშავეები არიან იმაში, რაც ჩაიდინეს. ეს ორი ადამიანი კი არა, სულ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არ ვლაპარაკობ, მორალურ პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ, პირველ რიგში, იქ რუკაზე არ არის საუბარი რა შეეშალათ და რა არა, იყო დოკუმენტაციის ნაწილი ქართულ არქივებში და არ მოიძიეს,“- განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა. მან განცხადება გაავრცელა და მისი მისამართით გავრცელებულ კრიტიკას უპასუხა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია. მისი თქმით, მან სამშობლოს, ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს