თეა ახვლედიანი - იმედს ვიტოვებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ძალისხმევითაც, დეკემბერში დაგეგმილი რაუნდი  წინაღობების გარეშე ჩატარდება

ვიტოვებთ იმედს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ძალისხმევითაც, დეკემბერში დაგეგმილი რაუნდი წინაღობების გარეშე ჩატარდება,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის რუსეთის მიერ ჩაშლის თაობაზე განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია, კატეგორიულად მიუღებელია.

„მიზეზი, რომელიც ოფიციალურად გაჟღერდა, არის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემები, რომ ჟენევაში ჩაფრენას ვერ ახერხებდნენ. მსგავსი დესტრუქციული მიდგომები ნამდვილად არ უწყობს ხელს სამშვიდობო პროცესს და მეტიც, მიმართულია ჩვენი იმ ძალისხმევის წინააღმდეგ, რასაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ იმისთვის, რომ შევამსუბუქოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ხალხის მდგომარეობა, რომელიც კონფლიქტით არის დაზარალებული. ჟენევის თანათავმჯდომარეებმა, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გააკეთეს განცხადებები და გამოეხმაურნენ ამ ფაქტს“,- განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს - ირაკლი ბებუასა და ზაზა გახელაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„მათი დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ განვახორციელეთ ყველა შესაძლო ნაბიჯი, ქმედება ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენებით. დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი. მივმართეთ ჟენევის თანათავმჯდომარეებს და ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რათა გაგრძელდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ მოხდეს ამ ადამიანების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ცხელი ხაზით რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღევანდელი მდგომარეობით შემიძლია დავადასტურო, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რასაკვირველია, ჩვენ ამ თემებს ვაყენებთ ყველა ფორმატში და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ძალისხმევა შედეგს მალე გამოიღებს“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი, რომელიც 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, რუსეთის ფედერაციის გამო ჩაიშალა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქე 33 წლის ზაზა გახელაძე დააპატიმრეს. 30 სექტემბერს კი მათ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა