თეა ახვლედიანი - დღეს ჩვენ არ გვაქვს ომი საქართველოში და გვაქვს მყარი მშვიდობა - განცხადებებს, რომ საქართველოს კონფლიქტი საერთაშორისო დღის წესრიგში არ დგას, ვერ დავეთანხმები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი არ ეთანხმება კრიტიკულ შეფასებას, რომ საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ არ ისმის.

ამის შესახებ თეა ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, დღეს მსოფლიოში მომრავლებულია „ცხელი“ და „ღია წერტილები“ და ყოველდღიური სიახლეები ამ ე.წ. ცხელ წერტილებს უკავშირდება, მაგრამ ის, რომ საქართველოს კონფლიქტი საერთაშორისო დღის წესრიგში არ დგას, ამას ვერ დაეთანხმება.

„თქვენს მიერ აღნიშნულ კრიტიკულ პოზიციას არ გავიზიარებ, არ ვეთანხმები იმიტომ, რომ ნამდვილად ხორციელდება ძალიან დიდი ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე და საქართველოს კონფლიქტის თემა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ძალიან მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა დგას ინტენსიურად საერთაშორისო დღის წესრიგში. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს. ჯერ შეგახსენებთ იმას, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მსოფლიო ძალიან სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს. ის შედარებითი დისკომფორტები, რაც რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული ძალიან სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს, არადა, ვფიქრობ, რომ ალბათ, იმ დროსაც იყო შესაძლებლობა რომ უფრო მეტი ძალისხმევა გაეწია საერთშორისო საზოგადოებასაც.

ეს იყო პირველი შემთხვევა რეგიონში, როდესაც ძალისმიერი გზით მოხდა ოკუპაცია სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის. განსაკუთრებით 2014 წლიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები რეგულარულად, რომელიც ერთმნიშვნელოვნად რუსეთს აცხადებს ამ კონფლიქტის მხარედ. ყოველწლიურად ხაზი ესმება იმას, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე, რომ პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. 2016 წლიდან ეუთო-ს ფარგლებში არის შექმნილი საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომელიც ასევე რეგულარულად აკეთებს საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს. ასევე, გაერო-ში დევნილთა რეზოლუციასთან ერთად ადამიანის უფლებათა საბჭოში მოხდა ინიცირება მეორე რეზოლუციის.

სამწუხაროდ, მსოფლიოში გამრავლდა ცხელი წერტილები. პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ არ გვაქვს ომი დღეს საქართველოში და გვაქვს მყარი მშვიდობა. ცხელი და ღია წერტილებია დღეს მსოფლიოში და ბუნებრივია, რომ ყოველდღიური სიახლეები უკავშირდება ამ ცხელ წერტილებს, მაგრამ ის, რომ საქართველოს კონფლიქტი საერთაშორისო დღის წესრიგში არ დგას, ამას ვერ დავეთანხმები“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ ბოლოს ასადის რეჟიმი იყო, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

„ასადის რეჟიმი იყო ბოლო ვინც აღიარა, მაგრამ ტუვალუმ და ვანუატუმ გაიწვია თავისი აღიარება. არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში არ შემიძლია არ აღვნიშნო ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები - ამერიკის ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი ფინანსურ დახმარებას უწყვეტს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დააპირებს ან აღიარებს საქართველოს განუყოფელ რეგიონებს. ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკაც უმძლავრესია. რაც შეეხება სირიაში ე.წ. საელჩოს გახსნის ფაქტს, ეს არის იმ უკანონო გადაწყვეტილებების შედეგი, რაც 2018 წელს რუსეთის ზეწოლის შედეგად ასადის რეჟიმმა მიიღო“, - განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა