არქიმანდრიტი კირიონი - მაქვს დოკუმენტი, რომელსაც 14 წამყვანი მეცნიერი და კარტოგრაფი აწერს ხელს, რომ საზღვრის ხაზი გავლებულია აბსოლუტურად უმართებულოდ

არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, მას აქვს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ხაზი არამართებულადაა გავლებული.

როგორც არქიმანდრიტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნულ დოკუმენტს 14 კარტოგრაფი აწერს ხელს.

„მე მაქვს დოკუმენტი, რომელსაც 14 წამყვანი მეცნიერი და კარტოგრაფი აწერს ხელს, რომ საზღვრის ხაზი გავლებულია აბსოლუტურად უმართებულოდ. ესენი არიან კარტოგრაფები, მეცნიერები, რომლებიც კითხულობენ ლექციებს. ეს დოკუმენტი თარიღდება 2018 წლის 10 მაისით. ჩვენ, ეკლესიამ ვთხოვეთ მათ, რომ განეხილათ აღნიშნული პრობლემა და ჩვენთვის მოეცათ დასკვნები. ამ დოკუმენტში მამა კირიონის პოზიცია კი არ არის, დარგის წამყვანი სპეციალისტები ლაპარაკობენ ამას, რომ ჩადენილია უმართებულო ქმედება სახელმწიფოს მიმართ და რუკა, რომელიც არის აბსოლუტურად რელევანტური, ის არის უარყოფილი“, - განაცხადა მამა კირიონმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ითქვას, რომ საქმეში დანაშაული არ არის ჩადენილი.

„ამ საქმეში მოტივაცია შეიძლება იყოს ორი: ფინანსური ან პოლიტიკური. ეს გამოძიების საკითხია, მე ამაში ვერ შევალ. ესეც რაღაც მოფიქრებულია პიარია, რომ ყველაფერი დაიყვანონ ორი ადამიანის ტრაგედიაზე. ქვეყანა კარგავდა სულ მცირე 3500 ჰექტარ ტერიტორიას. რა კურსსაც მისცემდა ივერი მელაშვილი, ის უნდა განხორციელებულიყო. რაზეც მან ხელი მოაწერა იურიდიულ აქტებზე ექსპერტთა ჯგუფის დონეზე და უკვე დამტკიცებულია, რომ დაკარგულია ამდენი ტერიტორია. შეუძლებელია ამ ყველაფერს გვერდი ავუაროთ და ვთქვათ, რომ აქ დანაშაული არ არის ჩადენილი და ვთქვა, რომ პრეზუმფციას ვუწევ ანგარიშს. მე ვსაუბრობ იმ ღრმა რწმენით, რომელიც ჩემი ცხოვრებაა, წლების განმავლობაში ვუყურებდი ამ ყველაფერს. მთავარი იკარგება, რომ ორი ადამიანის ტრაგედიით გადაფარონ ამხელა დანაშაული“, - განაცხადა მამა კირიონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო