ადვოკატის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება გაუგებარია, რადგან დეკანოზს სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანაზე ინფორმაცია სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა მიაწოდა

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება გაუგებარია, რადგან დეკანოზს სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა მიაწოდა.

მისივე განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტოში გაგზავნილ ბოლო მიმართვაზე მიუვიდათ დასტური, რომ ნამდვილად საჭირო იყო დეკანოზისთვის ნევროლოგიური კვლევის ჩატარება.

„რამდენიმეჯერ გვქონდა მიმართვა სასჯელაღსრულებასთან და ვითხოვდით ჩატარებოდა სრული ნერვოზული მკურნალობა, რათა განსაზღვრულიყო მისი შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. ბოლო მიმართვაზე სასჯელაღსრულებიდან მოგვივიდა დასტური, რომ ნამდვილად საჭირო იყო ნევროლოგიური კვლევის ჩატარება და მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაცია იყო, რომ ნევროპათოლოგიის განმეორობითი კონსულტაცია ჩატარებულიყო, შესაბამისად, ველოდებოდით როდის და სად ჩატარდებოდა ეს კვლევა. ოთხშაბათს საღამოს დამიკავშირდა თავად დეკანოზი და მითხრა, რომ ხუთშაბათს იგეგმება მისი კვლევის მიზნით სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანა და შემდგომ მისი დაბრუნება. შესაბამისად, ჩვენი ინფორმაციით დღეს უნდა მოხდეს ნევროლოგიური გამოკვლევა. ამ ეტაპზე შევალ დაწესებულებაში და შევეცდები ადმინისტრაციის მეშვეობით მივიღო ინფორმაცია.

სასჯელაღსრულების ეს განცხადება მე არ მინახავს და გაუგებარია. როგორც გითხარით, დეკანოზს თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდა სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა. დეკანოზი მარტის თვის შემდეგ ფაქტობრივად ნევროლოგის გარეშე არის დარჩენილი, მაშინ როდესაც მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტები უნდა მართოს ნევროლოგმა სხვა სპეციალისტებთან ერთად. დეკანოზს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადეკვატურად არ მკურნალობენ”, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას.

„მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა