სერგო ჩიხლაძე -  კორონავირუსის მართვა ნულზეა დასული, ამ დროს კი სახელმწიფო კეკლუცობს -  წერტილოვანი ჩარევა არ არის მარტო რესტორნის დახურვა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სახელმწიფო კორონავირუსს ვერ მართავს და „კეკლუცობს“, თითქოს კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა დღიურად საგანგაშოდ არ გაიზრდება. მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების მართვის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„მართვა საერთოდ ნულზეა დასული, სახელმწიფო ვერ მართავს ამ პროცესებს. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფომ მთელი თვეების განმავლობაში უბრალოდ იკეკლუცა, როდესაც 5-10-15 შემთხვევა გვქონდა. მგონი თვითონაც დაიჯერეს, რომ დღიურად მეტი შემთხვევა არ გვექნებოდა. როდესაც ვამბობდით, რას ვაკეთებთ ინფიცირების 500 შემთხვევაზე, არასდროს პასუხი არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, პრობლემა გაგვექცა“,-აცხადებს ჩიხლაძე.

მისი შეფასებით, დაინფიცირების მაჩვენებელი უკვე საგანგაშო ნიშნულს მიახლოვდა.

„ეს არ არის პიკი, კიდევ უნდა ველოდოთ მატებას. ეს მთლად სანდო რიცხვიც შეიძლება არ იყოს, თუ გავითვალისწინებთ წინა დღეეებში ჩატარებული ტესტირების მცირე რაოდენობას. შეგახსენებთ, აგვისტოში, სექტემბრის პირველ რიცხვებში 10-11 ათასამდე ადიოდა ტესტირების მაჩვენებელი, როდესაც რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო, ბოლო კვირების განმავლობაში, როცა 500-ზე მეტი შემთხვევაა, გუშინ იყო 4 ათასი, 6 ათასი ტესტი და ა.შ. ზოგადად, არ ვიცით რა ხდება და თან ეს შემცირებული ტესტირების შედეგად გამოვლენილია. ასე რომ, ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა. არ მინდა ვინმე დავზაფრო, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ ვინმეს აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ მას კორონა არ შეეხება, რომ კოვიდ ინფექცია ჩვენს ირგვლივ არ არის, მგონი, ნათელი ხდება, რომ ის ყველასთან აღწევს“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი განმარტებით, კორონავირუსთან საბრძოლველად არსებული მექანიზმი გაუმართავია.

„ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა, არ გვაქვს ეფექტური წამალი, რჩება ორი მექანიზმი-ეს არის დროული დიაგნოსტიკა, რომ ადამიანი ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ, შესაბამისად მოვახდინოთ მისი იზოლირება ან ბინის პირობებში მოთავსება, თუ ამის საშუალებას იძლევა საცხოვრებელი პირობები და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ან მეორე, ჰოსპიტალში მისი გადამისამართება, სადაც მას კვალიფიციური ექიმები მიხედავენ. სამწუხაროდ, ორივე ამ მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა გვაქვს. ტესტირებები საკმარისი არ არის“,-აცხადებს ჩიხლაძე.

მისი შეფასებით, ამჟამინდელი სადიაგნოსტიკო წერტილები ნამდვილად არ არის საკმარისი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე კვირაში შესაძლოა, სეზონური გრიპის შემთხვევებმა მოიმატოს. როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს, ასევე არ არის გადამზადებული სამედიცინო პერსონალი.

„50-მდე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გვაქვს, რომელიც თუნდაც "c ჰეპატიტის" პროგრამას ემსახურება. ხომ შეიძლებოდა მათი სიმძლავრეების გამოყენება, ადამიანური რესურსის გადამზადება და ასე შემდეგ. არც გაზაფხული, არც ზაფხული კარგად არ იყო გამოყენებული. რა თქმა უნდა, არავის ილუზია არ გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში ან თუნდაც წელიწადში შვეიცარიის, ჰოლანდიის ან საფრანგეთის მსგავსი ჯანდაცვის სისტემა გვექნება, აქ საუბარია სამედიცინო პერსონალის გადამზადებაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი 4 ოქტომბერს გამოდის და ამბობს, რომ გუშინ დაიწყო ოჯახის ექიმების გადამზადების პილოტური პროექტიო. ეს მაქსიმიუმ აპრილ-მაისში უნდა ხდებოდეს. როდესაც ჯანდაცვის მინისტრი 6 ოქტომბერს გამოდის და ამბობს, ახლა გამოვყავით 48 მილიონი ლარი საწოლფონდის მობილიზაციისთვისო, 8 ოქტომბერს უნდა ხდებოდეს ამ თანხის გამოყოფა? ეს ხომ მანამდე უნდა გაკეთებულიყო. ასეთი მაგალითი ბევრია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში კვალიფიციური ექიმების დეფიციტი შეიქმნას, რის გამოც ჰოსპიტალში ძირითადად კრიტიკულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს მოათავსებენ.

როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს, ხელისუფლებას ვირუსის მართვის კონკრეტული სტრატეგია არ გააჩნია.

„როგორც ვხვდები, ბატონ გახარიას უთხრეს, რომ არის წერტილოვანი ჩარევის სტრატეგია და იმეორებს და იმეორებს, მაგრამ ეს ხომ გაწერილი უნდა იყოს, რას გულისხმობს? წერტილოვანი ჩარევა არ არის მარტო რესტორნის დახურვა“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.

მისი შეფასებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მომდევნო თვეები კიდევ უფრო მძიმე იქნება, რადგან სეზონური გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს.

„ნოემბერი-დეკემბერი კიდევ უფრო მძიმე იქნება იმიტომ, რომ კორონავირუსთან ერთად ამას დაემატება სეზონური გრიპის პერიოდი, როგორც ყველა წელს. სამჯერ მეტი ვაქცინა არ არის შეძენილი, თუ ეს მთავრობამ თქვა, ტყუილია“,-აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო