საიამ “საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შემდეგ“ პრეზენტაცია გამართა, სადაც 60-ზე მეტ ხარვეზზეა საუბარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შემდეგ“ პრეზენტაცია გამართა.

საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ეს ანგარიში არის პირველი ფუნდამენტური ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს ახალი რეგლამენტის და კონსტიტუციის პირობებში პარლამენტის საქმიანობას.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში 60-ზე მეტ ხარვეზზეა საუბარი.

“ამ ანგარიშის წინაპირობა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და ის რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა დამტკიცებული. მოგეხსენებათ, რომ ამ ცვლილებების შემდეგ არსებითად გაიზარდა პარლამენტის როლი და ადგილი ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი ინტერესის საგანი იყო გაგვეგო, როგორ მუშაობს ეს სისტემა პრაქტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი, პირველი საფუძვლიანი დოკუმენტი, რომელიც ახალი რეგლამენტის და კონსტიტუციის პირობებში სრულად მიმოიხილავს 2019 წლის საპარლამენტო საქმიანობას, ასევე 2020 წლის საგაზაფხულო სესიას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც 60-ზე მეტ ხარვეზზე მიუთითებს. ჩვენ გვქონდა ინდივიდუალური შეხვედრები ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ მიანიშნებს იმ ხარვეზებზე, რაც დღეს არის პარლამენტის რეგლამენტში და მეორე მხრივ, საუბრობს ოპოზიციის როლის გაზრდაზე საპარლამენტო ცხოვრებაში და ასევე, მთელ რიგ იმ პროცესებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში. კვლევის ფარგლებში გამოკვლეულია ინტერპელაცია, პარლამენტის წევრის კითხვა, სამთავრობო საათი, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ანგარიშები, ნდობის ჯგუფი, ნდობა-უნდობლობის მექანიზმი, იმპიჩმენტი, საკომიტეტო კონტროლი, თემატური მოკვლევა, დროებითი და დროებითი საგამოძიებო კომისიები, სამუშაო ჯგუფი და სუს-ის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციები და მათი ხელმძღვანელების თანამდებობაზე განწესების ნორმები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტიპის ანგარიში ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის პირობებში არის პირველი ანგარიში, რომელიც საფუძვლიანად მიმოიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ამ ანგარიშის მიზანი იყო პარლამენტზე საზედამხედველო ფუნქციის შესრულება”, - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე ცნობით, ანგარიშში ხარვეზების გამოსასწორებლად 60-ზე მეტი კონკრეტული რეკომენდაციაა წარმოდგენილი.

“რეგლამენტმა უნდა დაამკვიდროს სამთავრობო საათის მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბდება სტაბილურ, ორკვირეულ ინსტიტუტად (ყოველ სასესიო კვირაში) და ცალკეულ დეპუტატებს მათთვის საინტერესო საკითხებზე მთავრობის წევრებისგან პასუხების მიღების შესაძლებლობას მიანიჭებს, ინტერპელაციის პროცედურა თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს, ხოლო შესაბამისმა სუბიექტმა შეკითხვა 10 დღით ადრე წარადგინოს, უნდა არსებობდეს პარლამენტის წევრის პასუხგაუცემელი კითხვების სამთავრობო საათზე დასმის შესაძლებლობა, თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის ქმედითობის გასაზრდელად აუცილებელია კომიტეტების სამოქმედო გეგმათა სტრუქტურის დახვეწა, კომიტეტის წევრებს შორის საკითხთა გადანაწილება და ოპოზიციის ჩართულობის გაზრდა და ასევე, თემატური მოკვლევის ჯგუფის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი უფრო კომპაქტურად პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის საფუძველზე დაკომპლექტება, მოქნილი ვადები და მის მიერ მომზადებულ დასკვნებზე პარლამენტის მიერ დროული განხილვა და რეაგირება”, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

საიას ცნობით, დოკუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის 12 სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოებისა და საქართველოს პარლამენტის გამოცდილების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა