„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - მოვუწოდებთ ცესკოს, სასწრაფოდ მიიღოს კენჭისყრის დღის პროტოკოლი

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით „სასწრაფოდ მიიღოს პროტოკოლი, რომელიც კორონავირუსის პირობებში შექმნის თავისუფალ და უსაფრთხო გარემოს საარჩევნო შენობებში“. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა, არსებობს ვარაუდი, რომ მმართველი პარტია შეეცდება ის ამომრჩეველი, რომელიც ზოგადად, არჩევნების და კონკრეტულად, პოლიტიკური სუბიექტების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, არჩევანის წინაშე დააყენოს - მიიღოს თუ არა არჩევნებში საერთოდ მონაწილეობა.

„მმართველ პარტიას არ სჭირდება საარჩევნო უბნებზე სიურპრიზები, ამიტომ შეეცდება ის ამომრჩეველი, რომელიც ზოგადად, არჩევნების და კონკრეტულად, პოლიტიკური სუბიექტების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, არჩევანის წინაშე დააყენოს. კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნას ისეთი საზოგადოებრივი ფონი, რომ უმოტივაციო ამომრჩეველმა არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე გააკეთოს და საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე“, - განაცხადა ურუშაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკისრებს.

„ცესკო ადგენს და უზრუნველყოფს შესაბამის გარანტიებს, რათა მან შექმნას შესაბამის გარემო კენჭისყრის დღისთვის. ჩვენი ორგანიზაცია ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში საუბრობდა შესაძლო რისკებზე და საფრთხეებზე და შესაბამისი პროტოკოლის აუცილებლობაზე. უნდა ვიცოდეთ, რა წესებითა და პირობებით იმუშავებს საარჩევნო უბნები კენჭისყრის დღეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, როგორც ამომრჩეველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისე სამართლიანი და გამჭვირვალე გარემო საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა თევზაძემ.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სწრაფად მიიღოს პროტოკოლი კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით და მის შემუშავებაში ჩართოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა პროტოკოლს ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და რეალურად ქმნიდეს თავისუფალ და უსაფრთხო საარჩევნო პროცესს კენჭისყრის დღეს საარჩევნო შენობაში.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს