ნიკა მელია - განათლებისა და ინტელექტის ნაკლებობას განიცდის ბატონი ღარიბაშვილი -  ფაქტი, რომ ის არის თავდაცვის მინისტრი საკმარისია, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებში დამარცხდეს

ელემენტარული არა ზრდილობის, არამედ განათლებისა და ინტელექტის ნაკლებობას განიცდის ბატონი ღარიბაშვილი და სხვაგვარად უბრალოდ ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას ოპოზიციას მოღალატე უწოდა.

ნიკა მელიას თქმით, ღარიბაშვილი „ინტელექტისგან დაცლილი ადამიანია“.

„რა შეფასება შეიძლება მიეცეს ირაკლი ღარიბაშვილს? - თვითონ ის ფაქტი, რომ ბატონი ღარიბაშვილი არის თავდაცვის მინისტრი, საკმარისია იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდეს.

ძნელად მახსენდება ინტელექტისგან ამდენად დაცლილი, განათლებისგან შორს მდგომი სახელმწიფო თანამდებობის ისეთი პირი, როგორიც არის ბატონი, ირაკლი ღარიბაშვილი. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანს ელემენტარული ლექსიკაც კი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ დააფიქსიროს თუნდაც მწვავე პოზიცია ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს საზოგადოების დიდი ნაწილს. როცა ის შეურაცხყოფას აყენებს ოპოზიციას იმ ფორმით, რა ფორმითაც მას გუშინ ოპოზიცია „შეუმკია“, აქ, შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვინაიდან დღეს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციას“, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები გათავისუფლდებიან.

„მე ვფიქრობ, არათუ სიგიჟეა ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში გააკეთა, ბევრი არაგონივრული ნაბიჯი გადაუდგამს, მაგრამ მსგავსი სისულელე ალბათ, მათაც კი გაუკვირდებოდათ, თუნდაც 1-2 წლის წინ. საკუთარი ზნედაცემულობის რეკორდი მოხსნეს, როდესაც ორი ღვაწლმოსილი პატრიოტი მეცნიერი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის გუნდი ოპოზიციასთან არჩევნებში მარცხდება. დიახ, ამ ორი მეცნიერის ბრალეულობა არის ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ. სხვა არანაირი ბრალი მიუძღვით მეცნიერებს. ხალხს უბრალოდ, აღარ უნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სცადა საკუთარი პროპაგანდით საზოგადოების ნაწილისთვის მაინც დაეჯერებინა, რომ აი, ხომ ხედავთ, წინა ხელისუფლება ყიდდა საქართველოს ტერიტორიას, თუმცა აქაც კი, "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა მისთვის ჩვეული პროპაგანდის წარმოება და ეს ყველაფერი შემოუტრიალდა იმიტომ, რომ სიმართლე არის ძალიან მძლავრი და საზოგადოების მხარეს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, ხელისუფლების მარცხის შემდეგ დასაფასებელი ეს ორი ღვაწლმოსილი მეცნიერი გათავისუფლდება უკანონო პატიმტობიდან“, - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ვიდეო: ნიკა მელია - განათლებისა და ინტელექტის ნაკლებობას განიცდის ბატონი ღარიბაშვილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს