ეკა ადამია - შეკვეთილის ცხელების ცენტრი სრულადაა აღჭურვილი როგორც ცხელების მქონე, ასევე  კოვიდდადასტურებული პაციენტების სამართავად

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას მართავს და სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ცნობები იმის შესახებ, რომ უწყება ვერ უმკლავდება პაციენტების მართვას, ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ემსახურება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს 44 დაწესებულება როგორც ცხელების, ისე კოვიდ 19-ის მართვის ფუნქციით. მათ შორისაა ახლად გახსნილი შეკვეთილის ცხელების ცენტრი.

ადამიას განცხადებით, კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია მობილიზებული და საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება მათი დამატებაც. ეკა ადამიას ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულადაა აღჭურვილი, როგორც ცხელების მქონე ასევე კოვიდდადასტურებული პაციენტების სამართავად.

„ზოგადად გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება მედიასაშუალებებში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად. არის მცდელობა, დაძაბონ ქვეყანაში არსებული ფონი, და ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან სიტუაცია არ არის ისეთი მძიმე, როგორც შეიძლება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დასახოს და ასეთ დროს პირიქით გამოვიწვიოთ პანიკა მოსახლეობაში, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა სავსებით მზად არის ამ პროცესის სამართავად. ქვეყანაში 44 კლინიკაა მომზადებული როგორც ცხელების, ასევე კოვიდის დადასტურების შემთხვევების სამართავად. მომზადებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ისინი ონლაინ, ბინაზე მართავენ პაციენტებს. ამდენად ეს პროცესი ამ ეტაპისთვის სრულიად მართულია და პანიკის და დეზინფორმაციის გავრცელების არანაირი საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. პირიქით, ეს ემსახურება უფრო მეტი დაძაბულობის შექმნას, პაციენტების დაშინებას და შიშის დათესვას მოსახლეობაში, რაც კარგ შედეგს არავის არ მოუტანს. სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ პროცესს და მართოს კოვიდი მთელ ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკა ადამიამ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო