გიორგი გახარია - უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, რესურსი, რომელიც გვაქვს, ძალზედ გონიერად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, რესურსი, რომელიც გვაქვს, ძალზედ გონიერად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ “,-ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდი აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.

გიორგი გახარიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩხოროწყუში სპორტული კომპლექსი მოეწყობა, ასევე იგეგმება სკოლების მშენებლობა.

„ სოფლებში, მათ შორის, ჩხოროწყუში კანალიზაციაა წესრიგში მოსაყვანი. ბევრი რამ არის ერთად გასაკეთებელი, სკოლებია ასაშენებელი და გასარემონტებელი.

ჩხოროწყუში ახალი სკოლის აშენება იგეგმება, რომელიც 2021 წელს დაიწყება. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ ჩვენ, ყველა ღირსეულად ვცხოვრობდეთ ჩვენს კუთხეში. არ იყო დიდი სხვაობა სად ვცხოვრობთ, თბილისში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ბათუმსა თუ რუსთავში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ასე იქმნება წარმატებული, ძლიერი ეკონომიკის ევროპული ქვეყნები. ეს ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.

მიუხედავად იმისა რომ ჩხოროწყუში ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ბევრი არის გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცი რომ გვინდა, ჩხოროწყუში იყოს სპორტული კომპლექსი, ყველას ძალიან გვინდა რომ კულტურის სახლი გავარემონტოთ. ასევე ძალიან გვინდოდა ყველას, რომ ტობავარჩხილზე გზა გაგვეკეთებინა , მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, რესურსი, რომელიც გვაქვს ძალზედ გონიერად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ, სწორი პრიორიტეტები უნდა გვქონდეს.

ამიტომ, იმისთვის რომ ჩხოროწყუს ეკონომიკა ავამუშაოთ და ტურისტი მოვიზიდოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ტობავარჩხილზე გზა გაგვეკეთებინა. რაც უფრო მეტი ტურისტი და სტუმარი ეყოლება ჩხროწყუს, მით უფრო მეტი შემოსავალი ექნება ადგილობრივ ოჯახებს.

შემდეგ უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდებზე, 2021 წელს სპორტული კომპლექსის შენებასაც დავიწყებთ. კულტურის სახლსაც მივადგებით და იმასაც გავაკეთებთ. არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ვიღაც მოვა დაგვპირდება და ერთ დღეში ყველაფერს ააშენებს, ასე არ ხდება.

ჩვენი შრომა პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს იმ ძირითად დარგებზე, რომელიც ისტორიულად აქ ყოველთვის იყო- სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა.

მინდა გითხრათ, რომ მუხურში დავიწყეთ და სულ რამდენიმე თვეში დაპატენტდება სპეციალური ბრენდი მუხურის თაფლი, რაც მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს თაფლი აწარმოონ და შემდგომ გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ სულ მალე, რამდენიმე წელიწადში ყველამ ერთად შევძლოთ ღირსეულად ცხოვრება. ეს ჩვენი მიზანია. ამიტომ არჩევნების შემდეგ, მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ ინვესტირებული იქნება 20 მლრდ ლარი.

ამ ფულიდან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება სამეგრელოსაც, ჩხოროწყუსაც, წალენჯიხასაც, მარტვილსაც, ყველას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰქონდა, ის წარმატებული შვილები, რომლებიც ამ კუთხეს ჰყავდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს ისწავლონ აქ იმისთვის, რომ გვასახელონ როგორც კუთხე, ასევე ქვეყანა.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ 31 ოქტომბერს ღირსეული არჩევანი გავაკეთოთ. ეს არჩევანი ჩვენთვის არ გვჭირდება, ეს გვჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო