არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი მომავლის პოლიტიკაში ჯანსაღმა ოპოზიციამ უნდა დაიკავოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი მომავლის პოლიტიკაში უნდა დაიკავოს ჯანსაღმა ოპოზიციამ. ჩვენ გვჭირდება უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემა, უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველმა გუნდა შეძლო სახელმწიფოს მართვა არჩევნების გაყალბების, შურისძიებისა და რევანშის გარეშე .

" თურმე შესაძლებელი ყოფილა სახელმწიფოს მართვა ბიზნესის ტერორის გარეშე, თურმე შესაძლებელი ყოფილა სახელმწიფოს მართვა თავისუფალი მედიის პირობებში. ჩვენ შევძელით სახელმწიფოს მართვა არჩევნების გაყალბების გარეშე, შევძელით სახელმწიფოს მართვა შურისძიების და რევანშის გარეშე. თქვენთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ ორი საპარლამენტო არჩევნები და შევძელით არაერთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. დღეს ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა, დღეს სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში არის ადამიანი. დღეს ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება დაცულია. საქართველომ შეძლო პრაგმატული და შედეგიანი საგარეო პოლიტიკის გატარება, რომლითაც ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასოცირების შეთანხმება და სხვა მნიშვნელოვანი წარმატებები, ძლიერი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ეს ყველაფერი ჩვენ ერთად გავაკეთეთ და დღეს სწორედ ეს საქმეები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლავ მოვიდეთ თქვენთან და განვამტკიცოთ ნდობა, მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი, დღეს საქართველოს ამ პროპორციულ არჩევნებში აქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი გადადგას დემოკრატიის განმტკიცებისკენ, უსაფრთხოებისკენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი მომავლის პოლიტიკაში უნდა დაიკავოს ჯანსაღმა ოპოზიციამ. ჩვენ გვჭირდება უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემა, უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და არა ისეთი, როგორიც დავინახეთ გუშინ, როდესაც აჭარაში ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ჩვენ შევძელით კორონავირუსის შემთხვევების სტაბილიზაცია, გუშინ კი ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც დეზინფორმაციაზე დგას, კრებს მხარდამჭერებს, ჩაჰყავს მხარდამჭერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, წესების ყოველგვარი დაცვის გარეშე, ეს რას ნიშნავს?

ეს არის თავდასხმა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ეს არის შეტევა საკუთარ მოქალაქეებზე და ამ ძალას დღეს კიდევ აქვს პრეტენზია, რომ დარჩეს პოლიტიკაში. ყველაფერთან ერთად, რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ მომავალში, უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დღეს გადაფუთულები მოდიან და საზოგადოებას თხოვენ მხარდაჭერას, უნდა გავიყვანოთ ბოლომდე პოლიტიკური ველიდან. ჩვენ გვჭირდება მშვიდი, საქმიანი და პასუხისმგებლიანი მომავალი, სტაბილური პოლიტიკური სისტემა, ამის რესურსი და პოტენციალი „ქართულ ოცნებას“ აქვს.

მადლობას გიხდით ჩვენს მხარდამჭერებს, ასევე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თითოეულ ექიმს, ექთანს, რომელიც ახლა კოვრონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ სამოქალაქო პასუხისმგებლობით, სოლიდარობით შევძლებთ ამ პრობლემისგან მინიმალური ზიანით გამოსვლას.

საქართველო ძალიან მალე დაბრუნდება განვითარების იმ ტემპებში, რომელშიც ჩვენ ვიყავით, როდესაც 3 მილიონი ტურისტიდან 9 მილიონ ტურისტამდე გავზარდეთ ტურიზმის მოცულობები, როდესაც 20 მილიონი ბოთლი ღვინიდან თითქმის 100 მილიონი ბოთლის ექსპორტი ხორციელდებოდა და განხორციელდა წინა წელს. როდესაც სამჯერ მეტი მაგისტრალის დაგება შევძელით, როდესაც ავაშენეთ ახალი სკოლები და სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ არაერთს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგმართავთ გულწრფელად, რომ მხარი დაუჭიროთ მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ გუნდს, ჩვენ წარვადგინეთ განახლებული გუნდი, გამოცდილი პოლიტიკური ლიდერებით და წარმატებული პროგრესული ადამიანებით, მათ შორის არიან თქვენი შვილები და ახალი თაობა, რომელიც შემოდის პოლიტიკაში ახალი იდეებით და ახალი მოტივაციით.

ჩვენი მთავარი საზრუნავი მოქალაქეზე, მის უფლებებზე და ჩვენი სამშობლოს ერთიანობასთან ერთად, იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ახალი შესაძლებლობების შექმნა და ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით ყველა რესურსს და ყველა შესაძლებლობას. დღეს საქართველო სავსეა მომავლის იმედით, ოპტიმიზმით, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. მსურს, მხარი დავუჭირო ალექსანდრე მოწერელიას, რომელიც არის პასუხისმგებლიანი ადამიანი, მოტივირებული საჯარო მოხელე, გამოცდილი, მას უკვე აქვს საქმიანი ურთიერთობები როგორ სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდთან, და ვინ თუ არა ის, ყველაზე მეტად და ყველაზე სწრაფად შეძლებს იმ საკითხების გადაჭრას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ რჩება.

მე მეამაყება, რომ ჩემს დედულეთში, სამეგრელოში, ვხვდები ასეთ ბრწყინვალე საზოგადოებას და თქვენთან ერთად, მეც დიდი იმედი მაქვს მომავლის. ჩვენ გვაქვს ხედვა, გვაქვს ძალა, რომ შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი”,-განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო