მაია ცქიტიშვილი - ყველა სამთავრობო უწყების ამოცანაა, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სხდომას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უძღვებოდნენ.

“გამყოფი ხაზის მიმდებარედ 116 სოფელია, სადაც დაახლოებით 50 000 ადამიანი ცხოვრობს. ყველა სამთავრობო უწყების ამოცანაა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მათ ცხოვრების პირობები. წელს მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ფარგლებში საოკუპაციო ხაზზე 19 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 14 000 ადამიანს ექნება საშუალება ამ სტატუსის ფარგლებში არსებული შეღავათებითაც ისარგებლოს, ესაა 20%-ით მეტი პენსია, მასწავლებლებისთვის შესაბამისი დანამატები და ბევრი სხვა სოციალური და ეკონომიკური კომპონენტი.

ასევე ვაგრძელებთ ამ სოფლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასაც. სხვადასხვა პროფილის სამუშაოებზე 2013 წლის შემდეგ 160 მლნ ლარზე მეტი მიიმართა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მნიშვნელობის თვალსაზრისით გამოყო 26 სოფლის წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაახლოებით 20 ათას ადამიანს ექნება წვდომა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.

„რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში უკვე შეკეთდა 30 - ზე მეტი სკოლა. ძალიან სასიხარულოა, რომ წელს დასრულდება 1 და მომავალ წელს კიდევ 3 ახალი სკოლის მშენებლობა. კომისიის ფორმატში განსახილველ საკითხებში მნიშვნელოვანი კომპონენტია გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსება. მთლიანობაში 7900 სტუდენტზე მეტია დაფინანსებული 2013 წლის შემდეგ და რა თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ ეს პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლებშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს