არჩილ თალაკვაძე - ჩვენ შევძლებთ, რომ გადავიდეთ დემოკრატიის ახალ ეტაპზე, სადაც უფრო მშვიდი, უფრო გაწონასწორებული პოლიტიკა იქნება

ჩვენ შევძლებთ, რომ გადავიდეთ დემოკრატიის ახალ ეტაპზე, სადაც უფრო მშვიდი, უფრო გაწონასწორებული პოლიტიკა იქნება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, საქართველო ამ არჩევნებით დგამს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

„ უკვე 8 წელი გვაცილებს იმ ფასადურ დემოკრატიასთან, სადაც მედია იყო მონოპოლიზებული, ადამიანის სიცოცხლეს, მის უფლებებს ჰქონდა ნულოვანი ღირებულება. ფარდის წინ იდგნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ატყუებდნენ თავის მოქალაქეებს და თავის საერთაშორისო მეგობრებს, ფარდის უკან კი იდგნენ მოქალაქეები პირისპირ ჯანდაცვის პრობლემებთან, სიღარიბესთან, იმ გამოწვევებთან, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ მაშინ ძალიან ბევრი იყო.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ მთლიანად ვართ ორიენტირებული მომავალზე, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, მეტი სამუშაო ადგილები,უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურები.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივცეთ სრული შესაძლებლობა ახალ თაობას, ახალგაზრდებს, რომ შეიქმნან თავისი კარიერა საჯარო სამსახურშიც. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ირჩევთ ახალ პარლამენტს, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ამ არჩევნებით დგამს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დემოკრატიის გაძლიერებისკენ. დემოკრატია, ძლიერი და ნამდვილი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს, რომ ბიზნესი, თქვენი შესაძლებლობები, თქვენი ოჯახის წევრები, უსაფრთხოება ქვეყანაში, ინვესტიციები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესები იქნება უფრო მეტად დაცული. თქვენ გექნებათ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებთ ქვეყნის მართვის პროცესში. ჩვენ გვეამაყება, რომ თქვენთან ერთად შევძელით ისეთი მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, როგორიც არის საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა, რომლითაც 7 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა არის დღეისთვის დაფინანსებული, მხოლოდ „ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით“ 60 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინეთ“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მისვე თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე შეცვალა საარჩევნო სისტემა. მისი თქმით, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემას, კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს.

„ახლა ჩვენ ვატარებთ არსებითად პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნებს. ასევე ხედავთ, რომ ადამიანები გულზე მჯიღს იცემდნენ და ამბობდნენ, რომ მათ ძალიან უნდოდათ პროპორციული სისტემა და რა მოხდა მერე? როდესაც კენჭისყრები ჩატარდა პარლამენტში, ზუსტად ეს ხალხი, ეს ოპოზიცია, დილით რომელიც აღტკინებული გაიძახოდა, რომ მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემას, კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს. ასეთი მოჩვენებითი ხალხია და მათ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ ხედავს. ჰგონიათ, რომ საზოგადოებას არ შეუძლია თეთრი შავისგან გაარჩიოს. ძალიან მწარედ ცდებიან და ამ ყველაფერს დაინახავენ ოქტომბრის არჩევნებშიც.

ჩვენ შევძლებთ, რომ გადავიდეთ დემოკრატიის ახალ ეტაპზე, სადაც უფრო მშვიდი, უფრო გაწონასწორებული პოლიტიკა იქნება და მერწმუნეთ, რომ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია სწორედ ასეთი პოლიტიკური სისტემისთვის“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს