მეუფე შიო - მშვიდობის სული უნდა შევინარჩუნოთ, რომ გულებში სიძულვილი და უსიყვარულობა არ გვქონდეს, ამით გავძლიერდებით

შევინარჩუნოთ მშვიდობის სული და არ გვქონდეს სიძულვილი და ამით ვძლიერდებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ქადაგებაში ქრისტიანობის არსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანები ზოგჯერ ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ სარწმუნოების გარეგნული მხარის დაცვა საკმარისია იმისათვის, რომ ქრისტიანები გვეწოდოს , ამ დროს კი ავიწყდებათ შინაგანი მხარე; ღმერთისთვის კი სწორედ ეს არის მთავარი.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას! დღეს, როგორც ყოველთვის კვირაობით, როდესაც ტაძარში ბევრი ხალხი იკრიბება, იკითხება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწყვეტები სახარებიდან. დღესაც ასე გახლავთ.

ხშირია, შემთხვევა, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი ეკლესიაშიც დადის. უფრო ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ სარწმუნოების გარეგნული მხარის დაცვა საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ ქრისტიანები გვეწოდოს და ქრისტიანულად ვიცხოვროთ. ამ დროს ავიწყდებათ შინაგანი მხარე; ღმერთისთვის კი სწორედ ეს არის მთავარი, შინაგანი მხარე ჩვენი სარწმუნოებისა: თუ რა გვაქვს სულში, რა განწყობა გვაქვს, რა გვამოძრავებს. რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ. თუმცა გარეგნული მხარეც აუცილებელია, საჭიროა და ღვთისგან დადგენილია, ჯვრის ტარება, ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე სიარული, ლოცვების კითხვა და ა. შ.; მაგრამ ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ არ არის შინაგანი. დღევანდელი სახარება სწორედ ამას გვასწავლის. გვმოძღვრავს, თუ როგორი შინაგანი განწყობა უნდა გვქონდეს.

ადამიანთა უმეტესობა სიკეთეს იმიტომ აკეთებს, რომ შემდეგ სანაცვლოდ სიკეთე მიიღოს; ან და ასესხებენ იმ იმედით, რომ შემდეგ ვალს დაიბრუნებენ. დღევანდელ სახარებაში უფალი ამბობს: თუკი თქვენ სიკეთეს უკეთებთ მათ, ვისაც უყვარხართ და სიკეთით გპასუხობთ, რა არის ამაში განსაკუთრებული _ ამას ცოდვილებიც იქმან. „ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“. (ლუკ 3. 35-36). აი, ასეთი საოცარი სიტყვებია.

თუ გვინდა, რომ ქრისტიანები ვიყოთ, პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, აღვასრულოთ უფლის ეს მცნება. ეს არის ყველაზე რთული სიტყვები ახალ აღთქმაში, ყველაზე რთულია აღსაქმელად. თითქოს და როგორ შეიძლება მტერი მიყვარდეს? აქ არ არის საუბარი ისეთ მტერზე, რომელიც მოდის სამშობლოს დასაპყრობად, რომელიც მოდის ჩვენი მიწები მისატაცებლად, წვავს სოფლებს და ანადგურებს მოსახლეობას. აქ არ არის საუბარი ისეთ მტერზე, რომელიც ოჯახში შემოდის, რომ შენი ცოლ-შვილი შეურაცხყოს და დაგიხოცოს. ამისთვის არსებობს ჯარი, სამართალდამცველი ორგანოები. ეს არ არის მარტო შენი პირადი საქმე, საქვეყნო საქმეა.აქ საუბარია ისეთ მტერზე, რომელიც ჩვენი პირადი მტერია, ან ასეთად მიგვაჩნია. რომელსაც გავურბივართ, რომლისგანაც ველით შეურაცხყოფას, საფრთხეს. უფალი მოგვიწოდებს, გვიყვარდეთ არა მარტო ის, რომელიც სიკეთეს გვიკეთებს (რადგან ეს ანგარებიანი დამოკიდებულებაა), არამედ ისიც, ვინც ცილს გვწამებს, გვაგინებს და შეურაცხგვყოფს. რატომ? იმიტომ რომ როგორც თავიდანვე ვთქვით, უფლისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რას აკეთებ გარეგნულად. მთავარი არის ის, თუ რა არის ადამიანის სულსა და გულში, გაქვს თუ არა შური, მრისხანება, სიძულვილი, გავქს თუ არა შურისძიების წყურვილი. რატომ? იმიტომ, რომ თუკი ეს ყველაფერი გაქვს, შენთან ვერ მოვა მადლი, იმიტომ რომ მადლი ეს არის ენერგია უფლისა და თუ მადლი სულისა წმინდისა; მადლი ეს არის მოქმედება, ენერგია სულისა წმინდისა და ის ვერ მივა ვერასდროს ასეთ ადამიანთან. და თუ მადლს ვერ მიიღებ, მაშინ ვერც განწმენდა ცოდვათა და ვერც შენი გადარჩენა ვერ მოხდება, იმიტომ რომ ცოდვები განიწმინდება სულიწმინდის მადლით. ამიტომ ამბობს უფალი: იყავით მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი მოწყალე არს. რადგან მხოლოდ მოწყალე და თავმდაბალ ადამიანში არის მადლი სულისა წმინდისა!

და კიდევ ერთი დიდი შეცდომა მოგვდის ხოლმე ძალიან ხშირად, როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობთ და ზოგადად, როდესაც სიყვარულზე ვფიქრობთ. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიყვარულსი იგულისხმება ტრფობა, რომ საუბარია რაღაც გრძნობაზე (განსაკუთრებით ქალებს აქვთ ასეთი წარმოდგენა). ჰგონიათ, რომ მტრებისადმი სიყვარული უნდა იყოს რაღაც შინაგანი, უფლისმიერი გრძნობა, როგორც ტრფობა. ჰგონიათ, რომ ვეტყრფით ჩვენს მტრებს, რომლებიც წამდაუწუმ რაღაც ბოროტებას გვიკეთებენ. სინამდვილეში უფალი იესო ქრისტე საუბრობს სულიერ სიყვარულზე. სამწუხაროდ, ქართულ ენაში ერთი სიტყვით გამოითქმის სიყვარულის ეს სხვადასხვა გამოვლინება _ სიყვარულს ვუწოდებთ ცოლ-ქმრულ სიყვარულსაც, მეგობრულს, დედა-შვილურს, მეგობრულს და სხვ. _ ყველაფერი ეს ერთი სიტყვით გამოიხატება. მაგრამ გახსოვთ უფალი პეტრეს რომ ჰკითხავს: „გიყვარ, მეა?“ შემდეგ კიდევ ჰკითხავს: გიყვარვარ? ქართულ ენაში ეს ერთი სიტყვით გამოითქმის. ბერძნულ ენაში კი არსებობს სხვა სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ, სხვადასხვა ტიპის სიყვარულს.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი გულისმიერ სიყვარულზე, რომლითაც გვიყვარს ჩვენი შვილები, ახლბლები, მეუღლეები და ა.შ. ეს ბევრს ეშლება. ხშირად ადამიანები აღსარებაზე მოდიან და ამბობენ: არ მაქვს სიყვარული მტრისა! იმიტომ რომ მისდამი გულში ტრფობის გრძნობას ვერ პოულობენ. სინამდვილეში აქ საუბარი არის არა გულისმიერ გრძნობაზე, არამედ სულიერ თვისებაზე და უფალი ამბობს, თუ რა დამოკიდებულებაა ეს: როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ, ისე მოექეცი სხვა ადამიანებს და არავის გაუკეთო ბოროტება! ე.ი. აქ საუბარია სულიერ თვისებაზე, აი, რა გრძნობა უნდა გვქონდეს ჩვენი მტრებისადმი, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გვაზიანებს, გვავნებს და ბოროტებას გვიკეთებს.

აი, ამის თქმა მინდოდა თქვენთვის, ძვირფასო დებო და ძმებო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავაზიანოთ ჩვენი თავი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ისეთ მტრებს არ ეხება, ვინც შენს სამშობლოს ან ოჯახს თავს ესხმის. პირიქით, ასეთ ადამიანებთან შებრძოლება სათნოებად ითვლებოდა მუდამ და ეკლესია აკურთხებდა და გმირებადაც რაცხდა ასეთ ადამიანებს. აქ საუბარი სულ სხვა სიყვარულზე, როგორც პირად თვისებაზე და არა გულისმიერ ტრფობაზე.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! საბოლოო ჯამში საუბარია იმაზე, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობის სული და არ გვქონდეს სიძულვილი. და ამით ვძლიერდებით. დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ ვიყოთ უფრო კეთილნი. შევეცადოთ ეს გრძნობები გამოვიჩინოთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან, კოლეგებთან და ა.შ. და ვიყოთ ყველასადმი მოწყალენი, ვითარცა მამაი ჩვენი მოწყალე არს, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!",- განაცხადა მეუფე შიომ.

იხილეთ ვიდეო: მშვიდობის სული უნდა შევინარჩუნოთ, რომ გულებში სიძულვილი და უსიყვარულობა არ გვქონდეს, ამით გავძლიერდებით - მეუფე შიო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა