ლევან ბოძაშვილი - პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ყოფილა, რომ ოკუპირებული ტერიტორია ვინმეს დაებრუნებინა შეიარაღებული ძალით - თუ აზერბაიჯანმა დაიკავა ყარაბაღი მთლიანად, ეს იქნება პირველი პრეცედენტი

ჯერჯერობით პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ოკუპირებული, დაკარგული დე ფაქტო ან დე იურე ტერიტორია, ვინმეს დაებრუნებინა შეიარაღებული ძალის მეშვეობით. თუ აზერბაიჯანმა დაიკავა ყარაბაღი მთლიანად, ეს იქნება 21-ე საუკუნის პირველი პრეცედენტი,- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, თუ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ არ ჩაერევა და საომარი მოქმედებების შეჩერების მიზნით ზეწოლას არ განახორციელებს, აზერბაიჯანი განაგრძობს სამხედრო მოქმედებებს. ბოძაშვილის განცხადებით, ამის თქმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ აზერბაიჯანი ხედავს, სომხეთი მას დამოუკიდებლად წინააღმდეგობას ვეღარ უწევს.

„თუ საერთაშორისო ჩაურევლობა იმ ტემპით გაგრძელდება, როგორც ახლა არის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი გააგრძელებს იმ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს. აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ ეს არის მისი ოკუპირებული ტერიტორიები და შესაბამისად, ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხება ორჯერ დაირღვა უკვე, ბუნებრივია, არ ველოდები, რომ ის გაჩერდება თუ არ იქნება განსაკუთრებული საერთაშორისო ზეწოლა და, პირველ რიგში, ამაში აქტიურად არ ჩაერევა რუსეთი, რისი ნიშნებიც ჯერჯერობით არ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ სტეფანაკერტიც დაიბომბა და გაცილებით ადვილად მიიწევს წინ აზერბაიჯანული არმია, ვიდრე ეს იყო რამდენმე დღის წინ. შესაბამისად, ახლა სომხეთის პოზიციიდან როდესაც უკვე საერთაშორისო ჩარევისკენ არის აქტიური მოწოდებები, ეს უფრო იმის მანიშნებელია, რომ სომხეთის მხარე დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას და ბუნებრივია, ამას აზერბაიჯანიც ხედავს და შესაბამისად, იმის საფუძველი, რომ გაჩერდეს, მას არ აქვს თავისი თვალთახედვიდან გამომდინარე,“- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

მან გარე ძალების მხრიდან რაიმე სახის სამხედრო ჩარევა გამორიცხა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარების ამგვარი განვითარება კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას გამოიწვევს.

„სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, აქ ჩაერევა რუსეთი იმიტომ, რომ მას ხელშეკრულება აქვს სომხეთთან და ავტომატურად ამაში ჩაერთვება თურქეთი. ჯერჯერობით გარედან საერთაშორისო აქტიური ჩარევა არ ხდება, ამის სერიოზული ნიშნებიც არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები არის საარჩევნო კამპანიაში და ნაკლებად აქცევს ყურადღებას ამას. რუსეთისგან არის ძალიან მოზომილი პოზიცია, მისგან აქტიურობას ვერ ვხედავთ, გარდა მოწოდებებისა და ამიტომ, ბუნებრივია, რომ აქ თურქეთიც მოზომილი პოზიციით იქნება იმიტომ, რომ ხედავს, აზერბაიჯანი სამხედრო წარმატებებს აღწევს.

თუმცა, თუ მოხდება ისე, რომ აზერბაიჯანი დაიკავებს ყარაბაღის ტერიტორიას, ეს შექმნის პრეცედენტს, რომ ქვეყანა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოკუპირებულია მისი ტერიტორია, მან სამხედრო ძალით მოახდინა ტერიტორიის დაბრუნება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამავე დროს, ჩვენთვის გასათვალისწინებელია. ჯერჯერობით პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ოკუპირებული, დაკარგული, დე ფაქტო ან დე იურე ტერიტორია, ვინმეს დაებრუნებინა შეიარაღებული ძალის მეშვეობით. თუ ასეთი რამ მოხდა და აზრებაიჯანმა დაიკავა ყარაბაღი თავიდან ბოლომდე, გამოვა, რომ სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და ეს იქნება 21-ე საუკუნის პირველი პრეცედენტი,“- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო