ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის სამართლიანი, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება, - ასე შეაფასა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორის, შერილ ფერნანდესის განცხადება, რომლის თქმით, „31 ოქტომბრის არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ“.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უცხოელი დამკვირვებლები დააკვირდებიან და ამისთვის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო.
„მივესალმებით ასეთ განცხადებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყოფილიყო საქართველოში მისიები. არაერთი მისია, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები აკვირდებიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამისთვის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის სამართლიანი, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება. ამის ერთ-ერთი მთავარი გარანტორები იქნებიან ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან. ამას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ“,-განაცხადა კობახიძემ.