ჯერ ივნისში გამოაცხადეს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო და დღეს იგივე კაცი, რომელიც თავს მუშკეტერად ასაღებდა, ამბობს, რომ თურმე მეორე ტალღა კი არა, პირველი ტალღა იწყება - თვლაც არ იციან, მათთვის მეორე ტალღის მერე, პირველი ტალღა იწყება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას გააკეთა.
სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მთელი თანხა ხალხის სასტუმროებში გამოსაკეტად დახარჯა, რათა საკუთარი ოჯახური ბიზნესი გადაერჩინათ.
„თურმე დამარცხებული კოვიდი, საქართველოში იტალიაზე, უკარაინაზე და სომხეთზე მეტი ციფრებით ბრუნდება. იმის მაგივრად, რომ მომზადებულიყვნენ, ნახეთ, რამხელა რიგებია საავადმყოფოებში. სად არის უფასო ტესტები?! მთელი ფული, რომელიც თქვენი ჯიბიდან ამოიღეს, გახარიამ, ივანიშვილის ძმა ადიკომ თავის სასტუმროებსა და ნათესავებზე დახარჯა.
ერთ-ერთი მუშკეტერი ამბობს, მერე რა, რომ ხალხი იხოცებაო - ხალხი იმიტომ იხოცება, რომ ზოგს თანმდევი პროცესი აქვსო. ზოგს მუხლი სტკიოდა, ზოგს შაქარი ჰქონდა აწეული და ზოგს წნევა - უკაცრავად, თუ წნევა გვიწევს, ეს იმის საფუძველია, რომ დავიხოცოთ იმის გამო, რომ თქვენ მთელი ფული მოიპარეთ, პრეპარატები არ იყიდეთ და მედპერსონალი არ მოამზადეთ! მედპერსონალი თვითონ არის დაუცველი და პაციენტს თვითონ გადასდებს ვირუსს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ვითარების დასტაბილურებას ერთ თვეში შესძლებს, ხოლო წლის ბოლოს საქართველოში დაავადების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.
იხილეთ ვიდეო: ივნისში გამოაცხადეს, რომ მეორე ტალღა დაიწყო და დღეს იგივე კაცი ამბობს თურმე პირველი იწყება, თვლაც არ იციან - მიხეილ სააკაშვილი