მაია ცქიტიშვილი - გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან ოპოზიცია, რომ ფასი დაუკარგოს მტკიცებულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, ჩვენი პოზიცია მეზობელი და პარტნიორი ქვეყნისთვის წარგვედგინა

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან, გაერთიანებული ოპოზიცია, რომ ფასი დაუკარგოს მტკიცებულებას, რომელიც ყველას საშუალებას მოგვცემდა წარგვედგინა ჩვენი პოზიცია მეზობელი და პარტნიორი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც დავით გარეჯთან მიმართებით დაწყებულ გამოძიებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ის შორს არის აზრისგან, რომ საკითხი მხოლოდ ორი ადამიანის გადაწყვეტილებით მიღებულიყო, თუმცა ეს მეტყველებს, რომ თემა გამოძიების საგანია.

„დავით გარეჯი არის ისეთი საკითხი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ქართველისთვის ძალიან სენსიტიურია. ჩვენს მეზობელთან, პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობის მხრივ საკითხი სენსიტიურია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დისკუსია დავით გარეჯის ირგვლივ ამ სულისკვეთებით უნდა წარიმართოს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როდესაც ჩნდება ასეთი დამამტკიცებელი გარემოებები, რომელიც მთლიანად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, იმისათვის, რომ უკეთ დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორს, მეგობარს და მეზობელს, რომ საქართველოს სრულიად დასაბუთებული აქვს იმ საერთაშორისო შეთანხმების და შეთანხმებული საზღვრის დელიმიტაციიის სტანდარტის ფარგლებში, (აქ ვგულისხმობ 1938 წლის მდგომარეობით საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას) ასევე, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს მტკიცებულება - ასეთი ტიპის სხვადასხვა ქვეყანაში მოპოვებული რუკები, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ყველას ინტერესში.

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან, ოპოზიცია, მათ შორის, სამწუხაროდ, გაერთიანებული ოპოზიცია, რომ ფასი დაუკარგონ ამ მტკიცებულებას, დოკუმენტებს, რუკებს, რომელიც ჩვენ ყველას საშუალებას მოგვცემდა წარგვედგინა ჩვენი პოზიცია მეზობელი და პარტნიორი ქვეყნისთვის. ასევე, ეს პოზიცია უკეთესად დაგვეცვა, იმისთვის, რომ მეგობრული სულისკვეთებით წერტილი დაგვსვა ამ საკითხისთვის, უკვე ოფიციალურად დადასტურებულიყო ის ფაქტი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ დავით გარეჯი ჩვენი ტერიტორიაა.

როგორც მოქალაქე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ჩვენი პოზიციის უტყუარი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისია და მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ იყენებს ამ ფაქტებს მოლაპარაკებაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ეჭვს ჰბადებს.

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ ორი ადამიანის გადაწყვეტილებით მიღებულიყო ეს საკითხი, მაგრამ ბუნებრივია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დავით გარეჯის თემა არის გამოძიების საგანი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა