კობა გვენეტაძემ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიწვევით ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა“ და „მსოფლიო ბანკის“ ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა ონლაინ შეხვედრაში, რომელშიც რეგიონის 29 ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დისკუსიის მთავარი თემა მონეტარული და ფინანსური სექტორის პოლიტიკით ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება იყო. შეხვედრას სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე, ჯეფრი ოკამოტო უძღვებოდა.

ღონისძიების წამყვან სპიკერებად მიწვეულები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მაროკოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აბდელატიფ იუაჰრი. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური სექტორის პოლიტიკის როლი ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობაში და, ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობის ასპექტები პანდემიის პირობებში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსვლისას ისაუბრა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ფინანსური სექტორის გაძლიერების მიზნით გატარებულ პოლიტიკასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე.

„სწორედ წინა წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიურ კრიზისს კარგად მომზადებული შეხვდა - საჭირო კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერებით, აქტივების მაღალი ხარისხითა და უმოქმედო სესხების ისტორიულად დაბალი მაჩვენებლით. კორონა ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ჩვენ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დავდექით. პირველი, ვიცოდით, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღი იყო, მაგრამ შოკის სიდიდე გაურკვეველი იყო. მეორე, ბაზარზე იყო ნდობის შოკი, რასაც ეკონომიკის დაკრედიტების შეფერხება და შოკის გაძლიერება შეეძლო. მესამე, არსებობდა მაღალი საოპერაციო რისკი, რაც უკავშირდებოდა პანდემიის განვითარების დაუდგენელ ტემპს, ჩაკეტვასა (lockdown) და, შესაბამისად, ადამიანური რესურსის შეზღუდვას როგორც მარეგულირებლისთვის, ასევე ფინანსური სექტორისთვის. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ შევიმუშავეთ დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელმაც ჩაკეტვის პერიოდში კრედიტორებს საგრძნობი მოცულობის სესხის მომსახურების გადავადების და, ამავდროულად, რეალური სექტორის დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა“, - აღნიშნა გამოსვლისას კობა გვენეტაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ "პანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პარალელურად, ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები ამოქმედდა, როგორიცაა სავალუტო სვოპი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტების მხარდამჭერი ინსტრუმენტი. ამასთან, ადგილობრივი ვალუტისთვის ლიკვიდურობის გადაფარვის კოეფიციენტი შემსუბუქდა."

„ცხადია გვესმის, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ გვჯერა, რომ მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი ქმედებები და მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროული გამოყენება ფინანსურ სექტორს საშუალებას მისცემს გაუძლოს პანდემიის ნეგატიურ გავლენას და, უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით