„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, „ქართული ოცნების” მიდგომები კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ უფრო ხისტი გახდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებიდან 2020 წლის არჩევნებამდე პერიოდში,“ქართული ოცნების” მიდგომები, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ უფრო ხისტი გახდა.

მათივე ინფორმაციით, ქართული მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ უკიდურესად პოლარიზებულია. მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, პარტიების მიერ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აღიქმება, შესაბამისად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება პირდაპირ აისახება მედიაგარემოზე.

„მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ სისტემებზე საკუთარ ზეგავლენას ხელისუფლება აქტიურად იყენებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით. საანგარიშო პერიოდში ათობით ფაქტი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის, მათ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის მცდელობების, ფიზიკური დაზიანების შემთხვევები, განსაკუთრებით “გავრილოვის ღამის” მოვლენების დროს, რასაც ხელისუფლების მხრიდან კანონით დადგენილი სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

სამწუხარო ტენდენციის სახე მიიღო მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის გადაცემებში, როგორც მონაწილეობაზე უარის თქმა, ასევე ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჟურნალისტებს საქმიანობა სტრესულ გარემოში უწევთ, რაც თავის მხრივ დამატებით გამოწვევას უქმნის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს.

ფინანსური მდგრადობა სერიოზულ გამოწვევად რჩება ქართული მედიისათვის. სარეკლამო ბაზრის განვითარების და შემოსავლების გადანაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფინანსური რესურსი საკმარისი არ არის ბაზარზე მოთამაშე მედია საშუალებების უმრავლესობისათვის, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის მედიის მდგრადობისა და სამომავლო განვითარებისათვის. კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი კი კიდევ უფრო მძიმედ აისახა ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე. რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ დგამს ქმედით ნაბიჯებს რუსული პროპაგანდის შესაკავებლად.

მნიშვნელოვნად გაიზარდა შიდა დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. Facebook-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შიდა დეზინფორმაციას ძირითადად “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ავრცელებენ, თუმცა, ოპოზიციური ძალებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში.

ქართული მედიაკანონმდებლობა საკმარისად უზრუნველყოფს ჟურნალისტების და მედიის დამოუკიდებელ საქმიანობას. თუმცა ბოლო წლებში კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის მცდელობებმა იმატა. საჯაროდ დეკლარირებული მიზეზების მიუხედავად, როგორიცაა, მაგალითად, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, რეალურად საკანონმდებლო ინიციატივები და წინადადებები კრიტიკული აზრის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის როლი, რომლის მიმართაც არსებობს ლეგიტიმური კითხვები მის დამოუკიდებლობასა და მასზე ხელისუფლების ზეგავლენასთან დაკავშირებით. მარეგულირებლის ცალკეული განცხადებები, პროექტები თუ საკანონმდებლო წინადადებები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრედიტაციისაკენ არის ძირითადად მიმართული", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან მათივე ინფორმაციით, ინტერნეტის მნიშვნელობის ზრდის მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში ტელევიზია წლების განმავლობაში ცალსახა ლიდერად რჩება. შესაბამისად, ქართულ მედიაგარემოში მიმდინარე პროცესებს და მთავარ გამოწვევებს თუ დავაკვირდებით, ხელისუფლებაც და სხვა პოლიტიკური ძალებიც გავლენის მოპოვებას სწორედ მედიის ამ ორ სეგმენტზე ცდილობენ.

იხილეთ ვიდეო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, "ქართული ოცნების" მიდგომები კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ უფრო ხისტი გახდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო