ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვახდენთ პოლიტიზირებას, თუ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები, შემთხვევის ადგილიდან სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს რომ აკეთებდნენ?

ჩვენ ვახდენთ პოლიტიზირებას, თუ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ჩამწკრივებულები, შემთხვევის ადგილიდან სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს რომ აკეთებდნენ?- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

მისი თქმით, ასეთ დროს შემთხვევის ადგილიდან ბრიფინგების ჩატარების და ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის.

„რა თქმა უნდა, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია და პოზიცია ამ დროს არის ერთიანი, როგორ შეიძლება იმ დროს, როცა უმძიმეს დანაშაულს ვადევნებთ თვალს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის საფრთხეში, იქ ვინმეს სხვა პოზიცია ჰქონდეს, იყოს დრო შეფასების, რომ თურმე რაღაც არ არის კარგად და სტატისტიკა ასეთია. რა თქმა უნდა, ამ შეფასებების დრო ყოველთვის იქნება, მაგრამ იმ დროს, როცა ასეთი უმძიმესი შემთხვევაა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში, დაასახელეთ რომელიმე ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც რომელიმე ოპოზიციონერი შემთვევის ადგილიდან ბრიფინგებს მართავს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამ დროს უნდა ვიყოთ ერთიანი და როცა ეს გადაივლის, ამისთვის არის დემოკრატია, რომ ერთმანეთი გავაკრიტიკოთ და მიგვითითონ თუ რაიმე ხარვეზია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, შსს-ის მხრიდან ოპერაციის სწორი დაგეგმვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოხდა.

„აქ იყო ორი არჩევანი: ან უნდა ყოფილიყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და მომხდარიყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რასაც რა შედეგები მოჰყვებოდა და ყველა ექსპერტის შეფასება იმ აღჭურვილობიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ეს თავდამსხმელი ახორციელებდა, ძალიან მაღალი ალბათობა იყო, რომ იქნებოდა დიდი მსხვერპლი, ამის ნაცვლად, შსს-მ გამოიყენა და აირჩია გზა, სადაც უპირატესობა მიანიჭა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას, ნაცვლად ძალისმიერი მეთოდებისა. უპირატესი სახელმწიფოსთვის ყოველთვის უნდა იყოს ადამიანი და მისი სიცოცხლე,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა უკვე ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ დაკავებულნი და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასამართლებულნი.

„ეს არის ახლა ჩვენი გამოწვევა და პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა მოხდეს ამ პირის დაკავება და მისი წარდგენა მართლმსაჯულების წინაშე,“-განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მან შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა