ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავარი ამოცანა იყო, მძევლები არ დაშავებულიყვნენ, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი ამოცანა იყო, რომ მძევლები არ დაშავებულიყვნენ და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

„ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმეული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება - ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გასწირა, ეს არ არის მარტივი საქმე. ჩემთვისაც არ იყო მარტივი გადაწყვეტილება მიმეღო, რომ თანამშრომელი გამეგზავნა, რადგან ის ადამიანი იქიდან ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემთვისაც მძიმე იყო. ბატონი ავთოსთვისაც რთული იყო, თუმცა ერთი წამით უარი არ უთქვამს და ნაბიჯი არ შეუდრეკია, წარბი არ შეუხრია.

მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა“,- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო