გიგი უგულავა - თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს არის მსგავსი ქმედებებისთვის „მწვანე შუქის“ ანთება - სპეცოპერაციის წარმატებაზე საუბარი არის უსინდისობა

ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს არის მსგავსი ქმედებების წახალისება და “მწვანე შუქის” ანთება, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

უგულავას შეფასებით, ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის წარმატებაზე საუბარი არის უსინდისობა და ხელისუფლების სრული არაადეკვატურობის მაჩვენებელი.

“თავისთავად, ის, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, ეს უკვე კარგია, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ ტრაბახს, გრძელვადიანი გეგმების დასახვას, თითქოს გამარჯვებას ზეიმობენ... როცა სპეცოპერაციაზე ვსაუბრობთ, ის მაშინ არის წარმატებული, როცა მძევლები უვნებლად გადარჩებიან და დამნაშავე არის დაპატიმრებული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ აღნიშნა, რომ ხიფათის შემცველია, როცა ტერორისტი იღებს იმას, რასაც ითხოვს და ამაზე საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო