ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოში არსებულ „კლანს“ ეშინია პოლიტიკური ცვლილებების და წინასწარ ინაწილებენ თანამდებობებს

სასამართლოში არსებულ „კლანს“ ეშინია პოლიტიკური ცვლილებების და წინასწარ ინაწილებენ თანამდებობებს, - ამის შესახებიუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის საბჭოს არცერთ წევრს უფლებამოსილების ვადა არ უმთავრდება, 30 ოქტომბერს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩაინიშნა, სადაც საბჭოს 2 მოსამართლე წევრს და საბჭოს ახალ მდივანს აირჩევენ. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეს სწორედ არჩევნების შიშით არის განპირობებული.

„ეს სხდომა არის რიგგარეშე, არავის გასდის ვადა, არც მიქაუტაძეს და არც იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრს, ამას მართავენ იმიტომ, რომ ვიღაცების გამოყვანა სურთ მოედანზე, ვიღაცებს როგორც ჩანს, გაიყვანენ, სპორტული თამაშების პრინციპით საქმიანობს ეს „კლანი“. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის, ვინაიდან, მოდის საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, ყველაზე მეტად თუ ვინმეს ეშინია პოლიტიკური ცვლილებების, ეშინია სასამართლო სისტემას, რადგან ისინი ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არიან ძალიან კომფორტულად, სასამართლო სისტემაში „კლანი“ ძალიან გაძლიერდა და მათი ძალაუფლება არის განუზომელი, ამიტომ ისინი წინასწარ, ვიდრე არჩევნები ჩატარდება, ლაგდებიან, ინაწილებენ თანამდებობებს, როლებს იმისათვის, რომ გარკვეულწილად მომზადებულები შეხვდნენ საპარლამენტო არჩევნებს და შემდგომ ცვლილებებს, თუკი რაიმე მოხდება ქვეყანაში ახალი პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აღნიშნავს ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა.

ჯანეზაშვილის განცხადებით, მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.

„ამიტომაც გიორგი მიქაუტაძემ დატოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა, როგორც ჩანს, ახალ მდივანს აირჩევენ 30 ოქტომბერს, რომელიც 4 წლით იქნება და შესაბამისად, უფრო მყარად იქნება „კლანი“ მომავალი 4 წლის განმავლობაში, რადგან სანდო ადამიანი ეყოლებათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მან სხვა თანამდებობა მიიღო ამჟამად, დღეს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს, თანამდებობების და ადმინისტრაციული სტატუსების გარეშე სასამართლო სისტემაში გავლენიან პირებს არ ტოვებენ,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს