ელისო ბოლქვაძე - ხელოვნება აერთიანებს ერებს და კულტურული დიპლომატია ყველაზე საიმედო გარანტიაა მშვიდობისათვის

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული მრავალმხრივი კულტურული სტრატეგიის განვითარების პროგრამა საწინდარია, საერთაშორისო სივრცეში საქართველოს განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ელისო ბოლქვაძემ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, ხელოვნება აერთიანებს ერებს და კულტურული დიპლომატია ყველაზე საიმედო გარანტიაა მშვიდობისათვის.

“დღევანდელ მსოფლიოში, ერების დაახლოების კონტექსტში, კულტურა დიდ როლს თამაშობს. სხვადასხვა იდენტობის მქონე ხალხთა კულტურული კავშირები ამდიდრებს ერთიანი ევროპის იდეას და გლობალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. საქართველო თავისი მდიდარი ისტორიითა და მისწრაფებებით, უძველესი და გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს თანამედროვე მსოფლიოში. სწორედ ამ ტრადიციის გასაგრძელებლად და პოზიციების გასამყარებლად შემუშავდა „ქართული ოცნების“ მომავალი 4 წლის პროგრამა, რომელსაც დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ. მინდა, პირველ რიგში აღვნიშნო, რომ 2021 წელს, შემოდგომაზე, სწორედ ისტორიული ქალაქი, ქუთაისი, უმასპინძლებს ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმს და ქუთაისს კულტურის დედაქალაქად გადააქცევს. კულტურა, პირველ რიგში არის სულიერი და ესთეტიური საზრდო, თვითგამოხატვის და იდენტობის ჭეშმარიტი საშუალება. კულტურა ამავე დროს განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ შემოქმედებითი ინდუსტრიები. მნიშვნელოვანია, ქართული, ისტორიული ძეგლების გაცოცხლება, კულტურული ტურიზმისა და საფესტივალო პროგრამების სწორი განვითარების საშუალებით. დაგეგმილია ქართული დღეების ჩატარება ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და პოზიციონირებას მსოფლიო სივრცეში. 2022 წელს ევროპისა და ბენილუქსის ქვეყნებში იგეგმება ქართული კულტურის ზეიმი, ბელგიის სამეფო ოჯახის პატრონაჟით ფესტივალი „ევროპალია“ მთლიანად საქართველოს მიეძღვნება.

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი განსაკუთრებული პრიორიტეტია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გაგრძელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების და ქართული ძეგლების მსოფლიო ნუსხაში ნომინირების პროცესი. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ეროვნული იდენტობის წარმოჩენის მიზნით ქართული პოლიფონიური მუსიკისა და ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობას”, - განაცხადა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, მუსიკისა და ხელოვნების თანამედროვე სტანდარტების განვითარების მიზნით, გაგრძელდება ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების შექმნა.

„ქართული გენი მაღალი ნიჭიერებით გამოირჩევა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხელოვნების სფეროში ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვასადა ახალგაზრდა ხელოვანთა ინიციატივების ხელშეწყობას და პერსპექტივების გაფართოებას. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ქართველ ხელოვანს, კარგად მესმის, ხელშეწყობისა და მოტივაციის ფასი, რადგან მე და ჩემი თაობის ხელოვანებს გამოვლილი გვაქვს მძიმე პერიოდები საქართველოში. ამიტომაც, გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების მქონე ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო გააფართოებს სასტიპენდიო ფონდებს, რომლებიც მათ გზას გაუხსნის წარმატებისკენ.

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი პრიორიტეტი ასევე იქნება ეროვნული კინემატოგრაფიისა და ინფრასტრუქტურული პლატფორმების განვითარება, ასევე ქართული კინოშედევრების პოპულარიზაცია. გაგრძელდება ერთობლივი საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა და კინომემკვიდრეობის დიგიტალიზაციის პროცესი. მნიშვნელოვანი ფაქტორია თეატრალური და ლიტერატურული სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ქართული მწერლობისა და საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, როგორც საქართველოში, ასევე ცნობილ საერთაშორისო პლატფორმებზე. ქართული კულტურა და ხელოვნება იყო, არის და იქნება ხალხის სამსახურში მუდამ. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა სპეციალური პროგრამები კულტურის ხელმისაწვდომობისათვის, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში კულტურული ცხოვრების გასააქტიურებლად. გაგრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულების შემოქმედებითი მოღვაწეობის ხარისხის ასამაღლებლად განახლდება მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, მათ შორის იგულისხმება მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა. დასასრულს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პანდემიის პირობებში არ დაზოგა ენერგია და მსმენელს ადაპტირებული ფორმატით, კრეატიული, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამები შესთავაზა და საქართველო ამით შეუერთა მსოფლიო გლობალურ პროცესს, კულტურის გადასარჩენად. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული მრავალმხრივი კულტურული სტრატეგიის განვითარების პროგრამა საწინდარია საქართველოს საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ხელოვნება აერთიანებს ერებს და კულტურული დიპლომატია ყველაზე საიმედო გარანტიაა მშვიდობისათვის“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო