ხათუნა ლაგაზიძე - ირაკლი კობახიძის მიერ ისრების სხვაგან გადაწევას, ყველაზე უკეთ ქართული ანდაზა შეესაბამება: „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“

ირაკლი კობახიძის გადამისამართებას და ისრების სხვაგან გადაწევას, ყველაზე უკეთ ერთი ქართული ანდაზა შეესაბამება: „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“,-ასე აფასებს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც არის შესაძლებელი“.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს კობახიძის მხრიდან იმის მტკიცება, თითქოს რომელიმე მედია ან ოპოზიციური ძალა რუსული ინტერესების გათვალისწინებით პროვოკაციებს მოაწყობს.

„ქართული ოცნებისგან“ საუბარი იმაზე, თითქოს რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა რუსულ დაკვეთას ასრულებს, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. თუ ვინმეს რუსეთის ინტერესებს ატარებს, თუ ვინმეს ინტერესები, რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია, ეს სამწუხაროდ, სწორედ „ქართული ოცნებაა“, აღარაფერს ვამბობ ულტრარუსულ პარტიებსა და დაჯგუფებებზე. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე საკუთარ თავს და საკუთარ პარტიას გულისხმობდა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, დღეს ყველაზე ფუნდამენტური კითხვაა, რუსეთი რამდენად მისცემს „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგები - მარცხი აღიაროს.

ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით , ირაკლი კობახიძის განცხადება მოწმობს, რომ თავად „ქართული ოცნება“ აპირებდა ოპოზიცის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ვიდეოების და ყალბი ჩანაწერების გამოყენებას, რომლის მიზანი ოპოზიციის დისკრედიტაცია იქნებოდა.

„თუ რაიმეს იმედი ჰქონდა „ოცნებას, რომ ციხის კადრების მსგავს კადრებს ინტერნეტ სივრცეში გამოყრიდა და ამით ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს სულ მცირე სახლში დატოვება, ამას ირაკლი კობახიძემ მსხვილი, შავი წერტილი დაუსვა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ბოლო ლურსმანი ჩააჭედა. ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ წაგებული არჩევნების სათავისოდ შემოტრიალების იმედი უბრალოდ აღარ ჰქონდა და ეს იმედიც ირაკლი კობახიძემ დაასამარა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რა შინაარსის ყალბი მასალები გავრცელდება ინტერნეტ სივრცეში, რადგან „დღეს სიტუაცია აშკარად ოპოზიციის სასარგებლოდ არის შემოტრიალებული“.

„ხელისუფლებას თავის გასამართლებელი და ოპოზიციისთვის ხელშესახოცი ძალიან ცოტა დარჩა იმისთვის, რომ ამ ტიპის პროვოკაციებში ოპოზიცია დაადანაშაულოს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლებამ თავად მოიჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა