საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკუთარი ბიუჯეტიდან მხატვრული ფილმის „სად მიდის ლიზა?“ გადაღებას 150 ათასი ლარით დააფინანსებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესასოციაციიდან აცნობეს, ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ნანა ჯანელიძე, ხოლო სცენარის ავტორები ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი და ნანა ჯანელიძე არიან. აღსანიშნავია, რომ ნანა ჯანელიძეს, რომელიც ბევრი საერთაშორისო კინოკონკურის ჯილდოს მფლობელია, ქართველი მაყურებელი ფილმებიდან „მონანიება“ და „იავნანა“ იცნობს.

ფილმი რეალურ ფაქტებზე არის აგებული და ეფუძნება ომში მონაწილე ქართველების და აფხაზების რეალურ დღიურებს - დოკუმენტურ მეხსიერებას, რომელიც ყოველგვარი შეფერადების გარეშე აღწერს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის აფხაზეთის ტრაგედიას.

„ფილმი გამოხატავს იმ უზარმაზარ ტკივილს, რომელსაც ორივე მხარე განიცდის, თუმცა ომის მიღმა არსებობს ის კავშირებიც, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის გაჩენილი უფსკრულისა და უნდობლობის დაძლევისა და ერთმანეთის ცნობიერებაში მტრის ხატის წაშლის წინაპირობა შეიძლება გახდეს. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ფილმის პროდიუსერმა ნანა ჯანელიძემ განაცხადა, „კინო საკმაოდ ძლიერი იარაღია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხრიდან ადამიანების დიდი და განსხვავებული ჯგუფები ჩართოს ერთმანეთთან დიალოგში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოხარულია, რომ ისეთი საეტაპო ფილმის გადაღებაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც აფხაზებისა და ქართველების მომავალი ურთიერთობისთვის შექმნის გარკვეულ საფუძველს. აფხაზეთი არის და იქნება ჩვენი ერის უმთავრესი ტკივილი, რომელიც ერთნაირად აწუხებს ყველას, ენგურს გაღმა თუ დანარჩენ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებისთვის, მსგავს პროექტში მონაწილეობა იმ უმთავრესი პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობების მიმართ გვაკისრია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც გაერთიანებული არიან საქართველოში მოღვაწე 25 წამყვანი კომპანიის დამფუძნებლები და/ან ხელმძღვანელი პირები, ამ იდეის მხარდაჭერისათვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის. ასოციაციის ფორმატში ჩვენ ყველას ერთად რამოდენიმე საინტერესო საქველმოქმედო პროექტი გვაქვს განხორციელებული და მათ შორის აფხაზეთის თემატიკაზე ფილმის მხარდაჭერა უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იქნება,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

(R)

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ