ეკა გიგაური - 6-7 თვე გავიდა და ცესკო-ს არაფერი გაუკეთებია, რომ არჩევნებში მაქსიმალურად მეტ ამომრჩეველს მიეღო მონაწილეობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით ცესკო-ს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ პანდემიის პირობებში, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.

როგორც გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ცესკო-ს კოვიდინფიცირებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების ხმის მიცემის შესახებ დროულად რომ მიეღო რეგულაციები, „ამდენი პრობლემა არ შეექმნებოდა“.

„ჩვენ ცესკო-ს და მთავრობას ჯერ კიდევ მაისში მოვუწოდებდით, რომ შესაბამისი რეგულაციები დაეწერათ, რადგან ქვეყანაში არის პანდემია და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა პირობებში მისცემენ ხმას. გავიდა დაახლოებით 6-7 თვე და რეალურად ცესკო-ს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტ ამომრჩეველს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და რაც მთავარია, ისინი დაცულები ყოფილიყვნენ. ეს არის არჩევნებამდე ორი კვირით მნიშვნელოვანი რეგულაციის მიღება. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შენ ასეთ რეგულაციას იღებ, ცხადია, პრობლემა გექნება მოქალაქეების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით. როცა იცი, რომ რაღაც ინფორმაცია უნდა მიაწოდო საზოგადოებას, ორ დღეში ვერ მოახერხებ ამას, მითუმეტეს, როცა ინფორმაცია ათეულობით ათას ადამიანს უნდა შეატყობინო. ძალიან ბევრმა საერთოდ ვერ გაიგო ამ რეგისტრაციის შესახებ, შემდეგ შეიქმნა ლოჯისტიკური პრობლემები და გადატვირთული იყო ცხელი ხაზები, შემდეგ, როცა ადამიანები რეკავდნენ ცესკო-ს ცხელ ხაზზე, აღმოჩნდა, რომ ისინი რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს სიებში. შემდეგ როცა რეკავდნენ სამინისტროში, ეს ხაზიც იყო გადატვირთული“, - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში ცესკო-ს ჰქონდა მენეჯმენტის პრობლემები.

„ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკითხს და თვითონ წავიდნენ იზოლაციაში, ეს ადამიანები შეიძლება საერთოდ ვერ მივიდნენ არჩევნებზე. ამიტომ ჯობდა, რომ მათთან მისულიყო გადასატანი ყუთი. თუ წარმოვიდგენთ, რომ დღეში 2000 ინფიცირებული გვყავს და ჩავთვლით, რომ აქედან თითოეულს ერთთან მაინც ჰქონდა კონტაქტი, გამოდის, რომ დღეში 4000 ადამიანზეა საუბარი. როდესაც პანდემია გვაქვს და ბევრმა შეიძლება არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ეს ყველაფერი, რომ ადრე დაგეგმილიყო ამდენი პრობლემა არ იქნებოდა“, - განაცხადა გიგაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს