ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, რევანშის გარდა "ნაციონალური მოძრაობის" თავში სხვა ფიქრები არ არსებობს

დარწმუნებული ვარ, “ნაციონალური მოძრაობის“ თავში სხვა ფიქრები არ არსებობს - მახინჯი ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერს ეცდებიან, - ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით “ქართულ ოცნებას“ გააჩნია.

ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ რვა წლის თავზე იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე მიმდინარეობს საუბარი, “რომელიც წარსული იყო და ყველაფერი დამთავრებული ჰქონდა“.

“ცივილიზებული სამყარო ფაშისტებს დასდევდა და ასამართლებდა მანამ, სანამ ეს ადამიანები ფიზიკურად არსებობდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარა. ეს იარა არასდროს შეხორცდება. ივანიშვილმა იცოდა, რომ საზოგადოებაში ასეთი განწყობა იყო... 300 ათასი ადამიანი ციხეშია ნამყოფი. რა მოწოდება უნდა გააკეთოს “ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერმა წარმომადგენელმა, რომ ამ ადამიანების გული მოიგოს. ეს არის წარმოუდგენელი. ივანიშვილის პოლიტიკა კი არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რომ გაანადგურო ყველა, შუა გაკრიფო და ათრიო “ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს ძალოვან სტუქტურებში დასაყრდენი ჰყავთ, რომელიც მათ გვერდით დადგება. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის დაბრუნებაზე დღეს ბევრი პოლიციელი ოცნებობს.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამგვარ ფორმას მიმართავენ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით და ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს