კახა კალაძე - ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში კეთდება ქალაქში, არის ძლიერი პოლიტიკური გუნდის და ჩვენი ლიდერების, ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას დამსახურება

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში კეთდება, მათი ძლიერი პოლიტიკური გუნდის და ლიდერების- ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას დამსახურებაა.

„ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაწყებული ბრძოლის შემდეგ, ქვეყანაში მშვიდობა, დემოკრატია, თავისუფლება დავაბრუნეთ და ადამიანი კვლავაც მთავარ ღირებულად ვაქციეთ. დიდია თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ჰუმანური, პროგრესული და დემოკრატიული ხელისუფლება დამკვიდრდა, ერთხელ და სამუდამოდ უთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულს, ქაოსსა და ავტორიტარიზმს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს. მიღწეული წარმატებების პარალელურად, რასაკვირველია, პროგრესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს და „ქართული ოცნების“ თაოსნობით, ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება უნდა განაგრძოს. როგორც ქალაქის მერმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ქალაქის მასშტაბით. ყველა გამოსვლის დროს აღვნიშნავ და ახლაც ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული უბნები და რაიონები არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება ყველა უბანთან, ყველა რაიონთან, ყველა ქუჩასთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, იყოს რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე, გამართული ტრანსპორტი და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ბოლო წლების განმავლობაში დიდუბესა და ჩუღურეთში განხორციელებული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. მინდა გამგეობებს, გამგეობების თითოეულ თანამშრომელს და გამგებლებს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი და რეფორმა განხორციელდა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შენობა, რომელიც ავარიულია და საჭიროებს განახლებას, ჩანაცვლებას; გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს; გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, საგზაო ინფრასტრუქტურა გასაკეთებელია, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ამ ყველაფერს მოვაწესრიგებთ“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თანმიმდევრულ ნაბიჯებს და იმ რეფორმებს, რომლებსაც ბოლო წლებში „ქართული ოცნება“ ახორციელებს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში კეთდება ქალაქში, არ იფიქროთ, რომ მარტო თბილისის მერიის თუ კახა კალაძის დამსახურებაა. ეს ასე არ არის. ეს არის თითოეული ჩვენი თანამშრომლის დამსახურება, იმ ძლიერი გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვია და ჩვენი ლიდერების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია ქვია. ეს ადამიანები თავისი ქმედებებით, თავისი ყოველდღიური ნაბიჯებით ზურგს გვიმაგრებენ და ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და წელში გამართული“,-განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა