პროკურორი - ადვოკატები სრულად გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ასევე გადაეცათ მტკიცებულებების ასლები სრული მოცულობით

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის უფლება სრულად არის უზრუნველყოფილი და ბრალდებულების ადვოკატები კანონით დადგენილი წესით და ფორმით, სრულად გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ასევე გადაეცათ მტკიცებულებების ასლები სრული მოცულობით, - ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, მასალებზე სათანადო წვდომის შეზღუდვის შესახებ საქმის ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც პროკურორი აცხადებს, პროკურატურის მხრიდან რაიმე უმოქმედობაზე საუბარი სამართლებრივად არასწორია და ფაქტებს ეწინააღმდგება.

„საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნები და ის კარტოგრაფიული მასალა და რუკებია, რაც საფუძვლად დაედო ექსპერტიზის ორივე დასკვნას და რაც ექსპერტებმა კვლევის პროცესში დაამუშავეს, დაცვის მხარეს ასლის სახით უკვე გადაცემული აქვს. აღნიშნული ფაქტი დოკუმენტურადაც დასტურდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით საუბარი რაიმე უმოქმედობაზე პროკურატურის მხრიდან, მითუმეტეს დაცვის უფლების შეზღუდვაზე, სამართლებრივად არასწორია, ეწინააღმდგება ფაქტებს და შორსაა საღი აზრისაგან“, - აცხადებს პროკურორი.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობისა და გადაცემის ნაწილში, ითვალისწინებს მტკიცებულებათა გაცნობის, ასლის მიღების, ცნობის სახით გადაცემისა და დათვალიერების შესაძლებლობას. ეს არის ის შესაძლებლობები, რასაც ამ კონტექსტში დაცვის უფლების რეალიზაციისთვის ითვალისწინებს კანონი და რაც სრულად არის უზრუნველყოფილი გამოძიების მიერ.

„ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა იქნეს გაცხადებული, რომ მტკიცებულებების ასლები დაცვის მხარეს გადაეცა. რაც შეეხება რუკის დედნების გადაცემის საკითხს, აღსანიშნავია შემდეგი: ადვოკატებს მიეცათ მათი უშუალოდ გაცნობისა და დათვალიერების შესაძლებლობა და ისინი ამ უფლებით სარგებლობენ კიდეც; დედნების გადაცემა დაცვის მხარისათვის ბუნებრივია ვერ მოხდება, რადგან ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, დედანი მტკიცებულება მხოლოდ სასამართლოში იგზავნება“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის განმარტებით, აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანატომიას თუ გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამალვა-განადგურება ბრალდებულების ქმედებებს ერთგვარ ნარატივად გასდევს - „ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ლამის პრაქტიკულად მთელი ცხოვრება დაუთმეს ამ რუკების გადამალვას“.

„ეს რუკები მათ ხელში იყო და შეგნებულად არ აჩენდნენ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კი ბრალდებულების მიერ სწორედ ახლა, ამ დროს ამ რუკებით დაინტერესება და მათი შესწავლის სურვილის გამოთქმა, მინიმუმ უხერხულია“.- აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა დაცვის მხარეს საქმეში არსებულ სხვადასხვა უწყებებიდან ამოღებულ კარტოგრაფიულ მასალას არ აძლევს. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებით, პროკურატურა არღვევს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და დაცვის მხარის უფლებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა