მიხეილ ჩხენკელი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ განათლების მინისტრების ონლაინ კონფერენციაში ერთ-ერთი მთავარი მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის პირველი სესია COVID-19-ს პანდემიის პირობებში განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა.

მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემის ადაპტაციის გამოცდილება გაუზიარა.

„ჩემთვის დიდი პატივია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ განათლების მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლიერება გამოვხატო მოწვევისთვის.

Covid-19-ის პანდემიამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი სამყარო. ახალმა რეალობამ კიდევ უფრო ძლიერი სტიმული მოგვცა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ განათლებისკენ, რომელიც არის ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტური უფლება და მძლავრი მამოძრავებელი ძალა ნებისმიერი ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. ამის დასტურია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს.

გამოწვევებმა, რომლებიც Covid-19-ის გავრცელებას მოჰყვა თან, მოითხოვა ყველა არსებული რესურსის მობილიზება, სწრაფი, მიზანმიმართული და თამამი გადაწყვეტილებების მიღება. მეამაყება იმის თქმა, რომ მთელს საქართველოში უწყვეტი და ხარისხიანი განათლების მისაწოდებლად სამინისტრომ შეიმუშავა ახალი მექანიზმი და ინოვაციური გადაწყვეტილებების გზით შეამსუბუქა განათლების სისტემაზე Covid-19-ის უარყოფითი გავლენა. ონლაინ გაკვეთილებისა და სხვა დისტანციური რესურსების გარდა, სამინისტრომ დაიწყო მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც დღესაც გრძელდება. სატელევიზიო გაკვეთილები ქართულ ენასთან ერთად ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეც ტარდება. გარდა ამისა, ყველა ტელეგაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია დავიცვათ უნივერსალური პრინციპი – არავინ დავტოვოთ განათლების მიღმა”, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

უწყების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საპასუხოდ, იმისათვის რომ განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას, საქართველოს განათლების სისტემა იყენებს სწავლების ჰიბრიდულ მეთოდს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეფექტიანად წარმართავს პროცესს წერტილოვანი რეაგირების გზით. ამასთან, უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო მშობლებს დისტანციური სწავლების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ მაღალი შეაფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროსაბჭოს, პანდემიის დროს ფასდაუდებელი დახმარებისათვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ნათლად აჩვენა განათლების, როგორც დემოკრატიის მყარი საფუძვლის მნიშვნელობა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის თანამშრომლობა, კოორდინაცია, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური პოლიტიკის გაზიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკეთესი მომავლის ჩამოყალიბებაში.

კონფერენციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეჟინოვიჩ ბურიჩიმ და ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მარია გაბრიელმა; ხოლო თავიანთი ქვეყნების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს საბერძნეთის განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრმა ნიკი კერამეუსმა და საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან მიშელ ბლანკემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა