ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით ქვეყანაში განთავსებული სამხედროების რიცხვი გაიზრდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის ადგილი მოინახულა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მაკრონის განცხადებით, იგი ქვეყნის შიგნით სამხედრო მობილიზების ხარისხს გაზრდის, რათა დაიცვას საკვანძო ადგილები, როგორებიცაა რელიგიური დაწესებულებები და სკოლები.

„ამ დილით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთელს საფრანგეთში ყველგან გავზარდოთ სიფხიზლის დონე, რათა გავუმკლავდეთ ტერორიზმის საფრთხეებს. გადავწყვიტე, რომ უახლოეს საათებში, ჩვენი სამხედროების მეტად მობილიზება მოხდება და შიდა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ქვეყანაში განთავსებული ჯარისკაცების რაოდენობა 3 000-დან 7 000-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიცვათ ყველა რელიგიური დაწესებულება, მათ შორის განსაკუთრებით ეკლესები, რათა ყველა წმინდანის დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნა იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა მაკრონმა.

მან მომხდარს ეროვნულ ღირებულებებზე თავდასხმა უწოდა.

„კიდევ ერთხელ მოხვდა ჩვენი ქვეყანა ისლამისტი ტერორისტის თავდასხმის ქვეშ. კიდევ ერთხელ, ამ დილას, ჩვენი სამი თანამოქალაქე მოკლეს ნიცაში ნოტრ-დამის ტაძარში. და ცხადია, თავს დაესხნენ მთელს საფრანგეთს. თუკი ჩვენ კიდევ ერთხელ თავს დაგვესხნენ, ეს ჩვენი ღირებულებების გამო მოხდა“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა. დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გარდაცვლილ ქალს თავი აქვს მოკვეთილი. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ნიცის მერმა კრისტიან ესტროსიმ მომხდარი ტერორიზმად შეაფასა. მისი თქმით, თავდამსხმელი დაკავებამდე და დაკავების შემდეგაც გამუდმებით იმეორებდა ფრაზას "ალაჰ აკბარ.“ დღესვე საფრანგეთში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ქალაქ ავინიონში სამართალდამცავებმა მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც გამვლელებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ხმამაღლა იძახდა : „ალაჰ აკბარ“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა