დავით ბაქრაძე კობახიძის განცხადებაზე - ადრე საბურავები იყო, ახლა ელექტროშოკი, სპიკერის ინტელექტზეა დამოკიდებული - მაშინ ჭიკაიძემ საბურავის მეტი არ იცოდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე სიბრიყვეს და უპასუხისმგებლობას უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ მობილიზებული.

როგორც ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან მსგავსი განცხადებები ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს.

„ეს არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველა არჩევნების წინ. ადრე საბურავები იყო, ახლა ელექტროშოკი, დამოკიდებულია სპიკერის ინტელექტზე. მაშინ ჭიკაიძემ საბურავის მეტი არ იცოდა. ამას დავარქმევდი სიბრიყვეს და უპასუხისმგებლობას. სინამდვილეში ბევრად უფრო ღრმაა პრობლემა და ასეთი ტიპის განცხადებებით ხელისუფლება მუდმივად აშინებს მოსახლეობას. ხელისუფლების ტაქტიკაა დააშინოს მოსახლეობა არჩევნებით.

მიზანი არის დაშინება, გამოჩენა, რომ არჩევანი არის შავ-თეთრი და თუ ხმას არ მისცემ „ქართულ ოცნებას“, ქვეყანაში იქნება არეულობა, სისხლისღვრა და ერთადერთი გარანტი, რომ ეს არ მოხდეს, არის ამ ხელისუფლების არჩევა - „ქართული ოცნება“ ამ ტაქტიკას იყენებს უკვე 8 წელია და განსაკუთრებით ბოლო 3 არჩევნების განმავლობაში. ბუნებრივია, არ ვიცი, რა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, თუმცა ყველა საფუძველი მაქვს, ვივარაუდო, რომ ეს ელექტროშოკები ზუსტად იგივე ტყუილია, როგორც საბურავები, როგორც რამდენიმე საქმე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებაზეა სუს-ში აღძრული და ა.შ.

ეს არის „ქართული ოცნების“ ტაქტიკა, დააშინოს და დაზაფროს მოქალაქეები და ამით მოახდინოს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაცია, ნაცვლად იმისა, რომ პროგრამაზე ილაპარაკოს, რას აპირებს და მეორე მხრივ, ეს არის ასევე ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელი. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს მომავლის გეგმა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად ებრძვის ოპოზიციას და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც დღეს ეშინია. ბოლო 4 დღის განმავლობაში ეს განცხადებები, რომ ოპოზიცია ხან არჩევნებს აყალბებს, ხან შეიარაღებულ ამბოხს აწყობს, დღეს კი თურმე შაშკინი ელექტროშოკით დარბის, ეს ყველაფერი სინამდვილეში სისუსტის გამოხატულებაა“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალინდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს. მისი თქმით, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე, რადგან, კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა