კახა კალაძე - ხვალ, დიდი გამარჯვების დღეა, გამარჯვებისა შუღლზე, ბოროტებაზე, ერთმანეთისგან გაუცხოვებაზე

ხვალ, დიდი გამარჯვების დღეა. გამარჯვებისა შუღლზე, ბოროტებაზე, ერთმანეთისგან გაუცხოვებაზე,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გლდანის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ის დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნება“ გაიმარჯვებს და მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანა ყველა გამოწვევას გადალახავს.

„ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, სამშობლოს გულშემატკივრობენ და სხვა ადამიანებზე ზრუნავენ. ჩვენი გუნდი, რომლისთვისაც სამშობლო და ადამიანი უზენაესი ღირებულებაა, ამაყობს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით, განხორციელებული რეფორმებით: დემოკრატიული გარდატეხით, გაძლიერებული ეკონომიკით, უკეთესი ჯანდაცვითა და განათლებით, მშვიდობითა და უსაფრთხოებით, ღირსეული ჯარითა და პოლიციით, ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფი სვლით.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში ყველა გამოწვევას წარმატებით დავძლევთ და გადავლახავთ.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდით გამოცდილი და ახალი წევრებით, რომლებსაც გამოარჩევთ საქმის სიყვარული, გამოცდილება, ცოდნა და კეთილსინდისიერება.

ვამაყობთ „ქართული ოცნების" თითოეული წევრითა და მხარდამჭერით, რომლებიც თავის წილ აგურს დებენ საქართველოს წარმატებისთვის და წინსვლისთვის.

ვამაყობთ ჩვენი მშრომელი და მებრძოლი ხალხით, რომელიც ყოველთვის იდგა და დგას ჩვენი მამულის, ენისა და სარწმუნოების სადარაჯოზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერით, ბიძინა ივანიშვილით, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება მოუტანა, და რომელიც ყოველთვის დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლების სადარაჯოზე.

ჩემო მეგობრებო, ხვალ, დიდი გამარჯვების დღეა. გამარჯვებისა შუღლზე, ბოროტებაზე, ერთმანეთისგან გაუცხოვებაზე. ხვალ, ჩვენი ქვეყნის ერთად დგომის დღე უნდა იყოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ძალადობის, ერთმანეთზე წაქეზების და დესტრუქციის პოლიტიკას ისევ დარჩეს გასაქანი ამ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ, ქუდზე კაცი უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ავირჩიოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების, გაერთიანების და წარმატების გზა. გზა, რომელსაც ადგას "ქართული ოცნების" გუნდი და ქართველი ხალხი. გზა, რომელმაც უნდა აასრულოს საქართველოს თითოეული შვილის ოცნება და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთმანეთის დიდი პატივისცემით, ერთმანეთის სიყვარულით და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებით.

ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მე მწამს ჩვენი ხალხის, მე მწამს თითოეული თქვენგანის და მჯერა, ხვალ "ქართული ოცნების" გამარჯვებით, გაიმარჯვებს ყოველი ქართველი, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო