შსს - ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება, ფაქტების შესწავლა დავიწყეთ

30 ოქტომბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრიმინალური ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების ჯგუფები. მან განცხადება გაავრცელა, სადაც იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებიც მისი ინფორმაციით წინასაარჩევნოდ პროვოკაციების და დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებიან.

„დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. "სარდლები".

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.

ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე.

ასევე ვაქვეყნებ მოპოვებულ ფოტოსურათებს, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები. ამ სიის მსგავსად, დაჯგუფებაში ირიცხება სამასზე მეტი წევრი”,- წერს ირაკლი კობახიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა