დავით უსუფაშვილი - ყველას მივმართავ, ნუ ჩაიგდებენ თავს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ვისაც რამე ბოროტი ზრახვა ან მითითება აქვს, იყვნენ ძალიან ფრთხილად

ყველას მივმართავ, ნუ ჩაიგდებენ თავს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ყველა დარღვევა იქნება გამოძიებული და დასჯილი, ამიტომ ვისაც რამე ბოროტი ზრახვა ან მითითება აქვს, მივმართავ, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა საარჩევნო პროცესის დროს შესაძლო დარღვევების შესახებ.

„ხარვეზები არ არის ჯერ იმ დონის და იმ დოზის, რომ ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენას შეუშალოს ხელი. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მივმართავ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუგეგმავს საარჩევნო უბანთან მისვლა, აუცილებლად დაგეგმოს და ეს დაგეგმოს რაც შეიძლება მალე და სწრაფად, რადგან ვხედავთ, რომ არის ამომრჩევლის აქტიურობა და პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი რეგულაციები ცოტა არ იყოს, აფერხებს ხმის მიცემის პროცესს ტემპში. ამიტომ ყველას ვთხოვთ, რომ მივიღოთ ზომები, დავგეგმოთ ჩვენი დღევანდელი დღე ისე, რომ საარჩევნო უბანზე მივიდეთ რაც შეიძლება მალე, ნუ გადავდებთ საღამოსთვის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ლელოს” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, ხელისუფლებას გარანტიები არ აქვს.

„ხარვეზები შეინიშნება, - იყო საუბარი ჩვენი წარმომადგენლისთვის უბნის დატოვების ფაქტზე, არის სხვა თემები, სადაც თითქოს რაღაც კარუსელის ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე მტკიცებულება ხელში არ გვაქვს და ამიტომ ცალსახად არ ვამბობთ არც რეგიონს და არც საარჩევნო უბანს, მაგრამ ჩვენი დამკვირვებლები ასე ვთქვათ, „კუდზე აზიან“ ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც მოძრაობს. ამიტომ ყველას მივმართავ, ნუ ჩაიგდებენ თავს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს არ არის ის არჩევნები, როდესაც ხელისუფლებას წინა პერიოდებისგან განსხვავებით რამე გარანტირებული აქვს, ამიტომ ყველა დარღვევა იქნება გამოძიებული და დასჯილი და ვისაც რამე ბოროტი ზრახვა ან მითითება აქვს ასეთი, მათ მივმართავ, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად. ჩვენც და ოპოზიციური ძალებიც ძალიან სერიოზული ქსელით ვაკვირდებით ამ ყველაფერს. და ბოლოს, უკვე რაღაც ტრადიციად ქცეული შეხლა-შემოხლის კადრები ვნახეთ მარნეულიდან. მინდა, მივმართო ყველას, მარნეულშიც და სხვაგანაც, რომელიც ცხელ წერტილებადაა დაანონსებული ხოლმე და ამაში ხელისუფლებამ დიდი წვლილი შეიტანა, რომ მცირე ხარვეზის მოგვარების მცდელობაც კი დიდ შეხლა-შემოხლად და აუცილებლად მძიმე მოვლენებში უნდა გადაიზარდოს ხოლმე, - ეს არ დაუშვათ. სახელისუფლებო პასუხისმგებლობით დატვირთულმა ადამიანებმა დღეს არჩევნების მშვიდად და სამართლიანად ჩატარება უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ვრჩებით ხაზზე, ჩვენი ინფორმაციის შეგროვების ცენტრი გამართულად და ოპერატიულად მუშაობს. ყველას, ვინც ჩათვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, გთხოვთ, მიაკითხოთ ჩვენს ოფისებს, დაგვიკავშირდეთ და ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ ამ პრობლემებს, თუ საჭიროა, იურისტების ჩარევით, რომლებიც მორიგეობენ ცენტრალურ ოფისშიც და რეგიონულ ოფისებშიც“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა